საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას დაპატიმრება მართლმსაჯულების ზეიმია. მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია, რომ "სასამართლო დღეს გახდა აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი ხელისუფლების ჩარევისგან".
"ჩემი შეფასება არის შემდეგი: უგულავას დაპატიმრება, რაც მოხდა გუშინ სასამართლოში, ეს არის მართლმსაჯულების ზეიმი. გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ იხილა დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ მიღებული დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. მე მივესალმები სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ "ყველამ კარგად ვიცოდით, რაც ხდებოდა სასამართლოში, როგორც იქცეოდნენ პროკურორები, როგორ ექცეოდა სახელმწიფო საკუთარ მოსამართლეებს. ჩვენ ეს მიდგომა შევცვალეთ".
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რასაც სასამართლოსთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ცხრა ადამიანი დააკავა. მათ შორის, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს და თბილისის ყოფილი მერი კოტე გაბაშვილი. ამჟამად, დაკავებულია რვა ადამიანი. გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.





