ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან ცინდელიანის და ქარდავას ახლობლები აქციას მართავენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისთან, სატყეო დეპარტამენტის რეინჯერის დავით ცინდელიანისა და კონტრდაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას ოჯახის წევრები ერთობლივ აქციას მართავენ.

სამართალდამცველებმა გააკეთეს ჯაჭვი და აქციის მონაწილეებს ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ახლოს არ უშვებდნენ, რასაც პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ენმ-ის ოფისთან მისვლას და საპროტესტო აქციის იქ გამართვას.

ცინდელიანისა და ქარდავას გაუჩინარების საქმის გახსნაზე განცხადებები შს სამინისტრომ გააკეთა. შსს-მ მათ მკვლელობაში ბრალდებულად კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი რომან შამათავა ცნო. 

პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან საპროტესტო აქცია 6 ივნისსაც გამართეს. მათ ოფისში მყოფ პირებს აქციის ქვები დაუშინეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თენგიზ გუნავამ უარი თქვან ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობაზე. ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 6 ივნისს პარტიის ოფისში შეჭრა ქართული ოცნების აქტივისტებმა სცადეს. ენმ-ის განცხადებით, აქტივისტებს "მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

კომენტარები