შსს: წინასაარჩევნო დარღვევების არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ ყველა შესულ შეტყობინებაზე მიიღო შესაბამისი ზომები. უწყების მტკიცებით, რეაგირების გარეშე არცერთი ფაქტი არ დაუტოვებიათ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. სამინისტრო მოუწოდებს ყველას, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს პოლიციას, სამართალდამცველები დაუყოვნებლივ მოახდენენ შესაბამის რეაგირებას. ასევე მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირი კანონის შესაბამისად დაისჯება", - აცხადებს შსს.

საქართველოში წინასაარჩევნოდ მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებით შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის საელჩომ საქართველოში. საელჩო საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, 5 ივნისს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა აღნიშნული მარნეულში გააპროტესტეს. მარნეულის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

გარდა ამისა, 6 ივნისს, ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია გამართეს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, გაუჩინარებული პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. მათ ოფისში მყოფ პირებს ქვები დაუშინეს. ენმ-ის განცხადებით, "აქტივისტებს მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

7 ივნისს კი, ბათუმში, ენმ-ის ლიდერებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თავს დაესხნენ. გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, როცა შეხვედრისას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები