წერეთელი: ობამას ინიციატივა ერთადერთი საშუალებაა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთელის შეფასებით, ბარაკ ობამას ინიციატივა, რომელიც აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის მილიარდი დოლარის გამოყოფას ეხება, "არის ერთადერთი საშუალება, რომ რუსეთის აგრესია შეჩერდეს".

"ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, რუსეთი თავისი სტრატეგიით აგრძელებს მოქმედებას. საფრთხის შემცველი ვითარებაა აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც. ამიტომ ობამას ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა მოახერხონ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და წინ აღუდგნენ რუსეთის გეგმებს", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგი წერეთელმა.

ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი სამხედრო ძალების გაძლიერებას გეგმავს. ამისთვის ბარაკ ობამა კონგრესს დამატებით მილიარდ დოლარს სთხოვს. 

თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა უსაფრთხოების სფეროში ახალ გამოწვევებს უკავშირდება. გათვალისწინებულია ამერიკული საზღვაო ძალების გაძლიერება შავ და ბალტიის ზღვებზე. 

რამდენიმე კვირის წინ შეერთებულმა შტატებმა NATO-ს მანევრებში მონაწილეობის მისაღებად პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში რამდენიმე ასეული ჯარისკაცი უკვე გაგზავნა. უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემები პატრულირებენ.

კომენტარები