ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

დიმიტრი ლორთქიფანიძე საბურთალოს რაიონში ზაქარიაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

radiotavisupleba.ge

კოალიცია ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ოგბაიძე საბურთალოს რაიონში ზაქარიაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა ყოფილი ფსიქიატრიული
საავადმყოფოს ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის გამო, რის შედეგადაც, მათი თქმით, მრავალწლიანი, მარადმწვანე მცენარეები ნადგურდება.

ლორთქიფანიძის თქმით, ის, რაც ამ ტერიტორიაზე ხდება, არის უპასუხისმგებლობა და დანაშაული ხელისუფლების მხრიდან. "ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა, შენდება უზარმაზარი ოთხი კორპუსი. მშენებლობის შედეგად, ნადგურდება ის მრავალწოვანი მარადმწვანე კორომები, რომელიც ამ ტერიტორიაზეა მოხვედრილი. აქ მცხოვრები მოსახლეობა ფაქტიურად რეკრეაციული ზონის გარეშე რჩება. ჩვენ უნდა დავუშვათ პრეცედენტი და გადავარჩინოთ ამ ფართობზე არსებული მწვანე ნარგავები. ეს იქნება პრეცედენტი მთელი ქალაქისათვის, რომ მწვანე ნარგავების შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ელემენტარული სოციალური თუ სხვა პრობლემები. ვპირდებით მოსახლეობას, ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ პრობლემას მივხედავთ, მოვაწესრიგებთ თბილისს, მოვაწესრიგებთ ქვეყანას", - თქვა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა ოგბაიძემ.

"ამ ადამიანების უმთავრესი პრობლემაა ასათიანის სკვერის გადარჩენა, რომელიც არის ერთგვარი სარკე ახალი და ძველი ხელისუფლების დანაშაულებრივი უნიათობის და კოჰაბიტაციის. არ არსებობდა ერთგვარი ნება, რომ შეეჩერებინათ ეს მშენებლობა და გადაერჩინათ ერთადერთი სკვერი ამ რაიონში. მიგვაჩნია, რომ ეს უბანი მოსაწესრიგებელია და მოსახლეობას ვპირდებით, რომ ნამდვილად მოვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც თბილისის მოსახლეობას აწუხებს. შემოხაზეთ სამივე ბიულეტენში ნომერი 3 და მხარი დაუჭირეთ კოალიციას ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია, - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარები