საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, 21 მაისს ბრიუსელში ევროკომისართა კოლეგიასა და საქართველოს მთავრობას შორის შეხვედრაა დაგეგმილი. მისივე განმარტებით, "ეს არის უპრეცედენტო ფორმატი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, რომელიც ემსახურება საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაღრმავებას, თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის გზით".
ზალკალიანის თქმით, საქართველოს დელეგაციას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს; დელეგაციაში კი იქნებიან ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრები, რომლებიც უშუალო დიალოგს წარმართავენ შესაბამის ევროკომისრებთან.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტების, ასევე ღონისძიების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან გამომდინარე, 21 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ირაკლი პეტრიაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვედრა. ასევე, ჩატარდება პლენარული სესია ევროკომისრებისა და საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების მონაწილეობით, რომლის დასრულებისთანავე დაგეგმილია საქართველოს პრემიერისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია. ამასთან, პრესკონფერენციის ფარგლებში, იგეგმება ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში 19 მილიონი ევროს დახმარების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა. გარდა ამისა, ღონისძიების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება პრესისათვის. ამავე დღეს დაგეგმილია დარგობრივი მინისტრების ორმხრივი შეხვედრები შესაბამის ევროკომისრებთან.





