NATO-ს ბაზები

NATO ბალტიის ქვეყნებში სამხედრო ბაზებს აძლიერებს

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, NATO ბალტიის ქვეყნებში სამხედრო ბაზებს აძლიერებს. გუშინ ლიტვაში ოთხი ბრიტანული ავიაგამანადგურებელი დაეშვა. მათი ამოცანა ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირების გაძლიერებაა. მარტში შეერთებულმა შტატებმა რეგიონში ეფ-15 ტიპის 10 საბრძოლო თვითმფრინავი გამოგზავნა, დღეს ლიტვაში ოთხ პოლონურ მიგ-29 ტიპის გამანადგურებელს ელოდებიან, ოთხი დანიური თვითმფრინავი კი, ესტონეთში განლაგდება.

"ბრიტანული ქვედანაყოფის მთავარი მისია არის NATO-ს წევრების მხარდაჭერა მათი საჰაერო სივრცის დაცვაში" - აღნიშნავს ბრიტანეთის საჰაერო ძალების ოფიცერი საიმონ ჰიუმი.

ესტონეთში გუშინ ამერიკის 173 საჰაერო სადესანტო ბრიგადის 150 სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა. ისინი ბალტიის ზღვის სანაპიროზე, პალდისკიში განლაგდებიან. სულ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნების ვაშინგტონმა 600 სამხედრო გაგზავნა. მათი მისია NATO-ს მოკავშირეთა დაცვაა.

"ეს არის რეაქცია იმ სიტუაციაზე, რაც ვითარდება ამ საზღვრების მახლობლად. ის, თუ რა მოხდება ამ სიტუაციის გარშემო, განაპირობებს NATO-ს შემდგომ ნაბიჯებს " - ამბობს აშშ-ის ელჩი ესტონეთში ჯეფრი ლევინი.

ესტონეთის პრეზიდენტის ტომას ჰედრიკ ილვესის თქმით კი, "რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტი ასე დაუცველ მსოფლიოში. ამიტომაც, ჩვენ ასე ვაფასებთ მოკავშირეთა ყოფნას ამ მიწაზე. ეს აჩვენებს, რომ NATO ნაკლებად აბსტრაქტული ხდება და ადასტურებს იმ პრინციპების ერთგულებას, რასაც ალიანსში ყველა ვიზიარებთ".

კომენტარები