ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას სიმამრი შალვა კილაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა. საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის ცნობით, გიგი უგულავას სიმამრი ფინანსთა სამინისტროს რუსთავის საგამოძიებო სამსახურში ხვალ უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა, ცოტა ხნის წინ, თავად უგულავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შალვა კილაძეს ბრალს ამ წუთებში, საკუთარ სახლში უყენებენ.
"არ ვიცი, იმის გამო, რომ ინფორმაცია გავრცელდა?! მაგრამ ფაქტია, ხვალ დაბარებულ კაცს ახლა მიადგნენ სახლში ბრალის წარსადგენად. მიზანი ცხადია: ოჯახის დაშინება და ჩემი დემონიზაცია. კარგი, ბატონებო! გამოწვევა მიღებულია. ელოდეთ პასუხს", - წერს უგულავა Facebook-ში და აღნიშნავს, რომ მისი სიმამრი მძიმე ავადმყოფია (პარკინსონი, დიაბეტი, თავის ქალის ატროფია. ორჯერ აქვს ტრეპანაცია გაკეთებული).
ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით კი, შალვა კილაძე დიდი ხანია, არანაირ საქმიანობას არ ეწევა. მისი თქმით, კილაძე 90-იანი წლებიდან ფლობს 50%-იან წილს გაჯის და რკინის მცირე საამქროში.





