დაპირისპირება კინოს სახლთან

ევრაზიის ინსტიტუტის მომხრეებმა ტაბულას ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს

კინოს სახლთან მომხდარი დაპირისპირებისას, ევრაზიული კავშირის მხარდამჭერებმა ტაბულას ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელი ჰკრეს.

"24 წელი ქვეყანას ანგრევდით, აღარ დაიღალეთ? ხელს იმიტომ გკრავ, რომ შენი ადგილი აქ არ არის, არ არის აქ შენი ადგილი", "შენ ქართველი არ ხარ, შენ ხარ მათხოვარი, გამყიდველი. თქვენ გვაყენებთ შეურაცხყოფას. მათხოვრებო თქვენ. დოლარებზე გაყიდულები ხართ და ხალხი არის გაუბედურებული. ჩემი ერი არის გაუბედურებული. გაათახსირეთ ჩემი ერი" - მიმართავდნენ ევრაზიული კავშირის მხარდამჭერები ტაბულას ჟურნალისტს. 

ევრაზიული კავშირის კიდევ ერთმა მომხრე ქალბატონმა კი, ტაბულას ჟურნალისტს სტალინის ძეგლის აღების გამო მოსთხოვა პასუხი.

"რატომ აიღეთ სტალინის ძეგლი, რატომ არ მოხვედით გორში, სტალინის მემკვიდრე ვარ აქ მე ზუსტად, არ მჭირდება მე შენთან ჩაწერა, მე ჩორგოლეიშვილებს არ ვემსახურები" - უთხრა NATO-ს მოწინააღმდეგე აქციის მონაწილემ ჟურნალისტს.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ უნდა გაწევრიანდეს, "რადგან NATO ემსახურება საქართველოს დაქცევას და განადგურებას" და "ამით უარესად გავაღიზიანებთ რუსეთს".

შეგახსენებთ, რომ დღეს კინოს სახლთან, ევრაზიული კავშირის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ფიზიკური დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისათვის, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მიზეზი კინოს სახლში, ევრაზიის ინსტიტუტის ორგანიზებით მოწყობილი NATO-ს საწინააღმდეგო ღონისძიება გახდა. მას რამდენიმე სასულიერო პირიც დაესწრო. ევრაზიის ინსტიტუტის ღონისძიების პარალელურად, საპროტესტო აქცია მოაწყვეს ევრაზიული კავშირის მოწინააღმდეგეებმა. მათ NATO-ს საწინააღმდეგო ღონისძიებაზე მისულ სასულიერო პირებს, მათ შორის, რუსთავის მიტროპოლიტ იოანეს იუდა უწოდეს და შენობაში შეძახილების ფონზე შეაცილეს. მიტროპოლიტის თქმით, 15 წლის წინ სერბეთის დამოუკიდებლობა შეილახა და მისი დანაწევრება მოხდა, რასაც არ იზიარებს და სწორედ ამის გამო მივიდა დღევანდელ ღონისძიებაზე.

კინოს სახლში, იუგოსლავიის დაბომბვისა და შემდგომი პერიოდის ამსახველი ვითარების შესახებ 30-წუთიანი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. დარბაზში მსხდომი აუდიტორია აგვისტოს ომში დაღუპულ რუს ჯარისკაცებს ფეხზე წამოუდგა. კინოს სახლში შეკრებილებს ევრაზიული ინსტიტუტის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ ალეკო კვახაძემ მოუწოდა, აგვისტოს ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცებისთვის ფეხზე წამოდგომით პატივი მიეგოთ. ამის შემდეგ კი, მათ გაშიფრულები უწოდა.

ფილმის ჩვენების შემდეგ, ევრაზიის ინსტიტუტის მხარდამჭერებმა კინოს სახლიდან NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მონაწილეები აქციაზე სხვადასხვა პლაკატით იმყოფებოდნენ, მათ შორის წარწერით: "NATO-ს რომ არ დაეშალა სერბეთი, არ დაიშლებოდა საქართველო", "NATO სეპარატიზმის მხარდამჭერია" და ა.შ.

კომენტარები