თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც საგამოძიებო სამსახურში შესვლის წინ აბესაძემ განაცხადა, მისთვის უცნობია რა თემასთან დაკავშირებით დაიბარეს.
"2014 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით მოახდინეს მერიის პარალიზება. პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს გამოყენებით ცდილობენ მერიის თანამშრომლებს გადაუგრიხონ ხელი. დღესაც აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით ვარ დაბარებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მერია მაინც ახერხებს თბილისელების პრობლემებზე ზრუნვას”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ირაკლი აბესაძის დაკითხვაზე დაბარების მიზეზი ასევე უცნობია მისი ადვოკატის გიორგი კონდახიშვილისთვის.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით კი, ირაკლი აბესაძეს შპს სინათლის ქალაქის საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ.





