”ლუსტრაცია მოხდა, რომ მთავრობა ტოტალურ მოსმენას აწარმოებს”, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.
საქალაქო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
”იმდენად მორღვეულია ეს სისტემა, ხდება გაჟონვები, ხდება დაუდევრობები, მათ შორის ისეთები, რომ აბსოლუტურად უადგილო, პრივატული საუბრები სასამართლოს საქმეებშიც არის ჩაკერებული. ამიტომ პრობლემა უფრო ღრმა არის, ვიდრე ეს კონკრეტული საქმე, გამოწვევა ბევრად უფრო დიდია და მე დარწმუნებული ვარ, ეს საქმე და ამ საქმის ობიექტური განხილვა სხვა ბევრი პრობლემის გამოაშკარავებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, გუშინ გიგი უგულავამ ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და საკუთარ შვილთან საუბრის ამონარიდი წარმოადგინა, რომელიც, მისი თქმით, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეს დაურთო. ჩანაწერში იგი შვილს შეხვედრას უთანხმებს. უგულავას თქმით, ამ საუბარს არანაირ საქმესთან არანაირი არსებითი შემხებლობა არ აქვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მთავარმა პროკურატურამაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის გადაცემული სატელეფონო საუბრების ჩანაწერების შინაარსი ბრალდებულმა გიგი უგულავამ დამახინჯებულად, ნაწილობრივ გაავრცელა.
თბილისის უფლებაშეჩერებული მერის და მერიის ბრალდებული მაღალჩინოსნების საქმეები გაერთიანდა და საქმეებს რუსთავის რაიონული სასამართლოს ნაცვლად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ პროცესის დაწყებამდე არ დააკონკრეტა რა შუამდგომლობით მიმართავს დღეს სასამართლოს. თავად ბრალდებული გიგი უგულავა კი არ გამორიცხავს, რომ ბრალდების მხარემ დღეს მისი დაპატიმრება მოითხოვოს.
გიგი უგულავას 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.
გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მას სწორედ ამ საქმეზე შეუჩერა თბილისის საქალაქო სასამართლომ მერის უფლებამოსილება და აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.





