ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პროექტის - "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა "იმ პოზიტიური ტენდენციის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში ფიქსირდება". ხადურის განცხადებით, 2013 წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად, წინა წლის ოქტომბრიდან ტენდენცია შეიცვალა და ეკონომიკური ზრდა ოქტომბერში 4.4%, ნოემბერში - 8.0% ხოლო დეკემბერში - 8.8% დაფიქსირდა.
როგორც ხადურმა აღნიშნა, წინასწარი შეფასებით, 2013 წელს ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 3.2% შეადგინა. მინისტრის თქმით, ბოლო კვარტლის ზრდის ტენდენცია მიმდინარე წლის დასაწყისიდანაც გრძელდება და იანვარში 7,8%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება.
ხადურის ცნობით, 2014 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა და 761 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტი გაიზარდა 14%-ით (224 მლნ აშშ დოლარი) და იმპორტი 15%-ით (538 აშშ დოლარი).
როგორც მინისტრმა განაცხადა, 2014 წლის იანვარ-თებერვალში გადასახადების სახით ბიუჯეტში 982,9 მლნ ლარია მობილიზებული, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით 13,0%-ით (112.9 მლნ ლარი) მეტია. მისი თქმით, აღნიშნული მატებიდან 65,3 მლნ ლარი იანვრის თვეზე მოდის, ხოლო 47,5 მლნ ლარი თებერვალზე.
მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში, 2013 წლის იანვართან შედარებით, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 15%-ით გაიზარდა და 3.567 მლრდ ლარი შეადგინა, მათ შორის:
სოფლის მეურნეობა 84,0%-ით; მშენებლობა 43,0%-ით; კომუნალური მომსახურების გაწევა 30,0%-ით; სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა 12,0%-ით.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ზრდის ტემპის ასეთი გამოცოცხლების ფონზე, 2014 წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი ზრდა აბსოლუტურად რეალისტურია, შეიძლება ითქვას, კონსერვატულიც.
"თუმცა, ხელისუფლების პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები არა მხოლოდ ციფრებისა და მაჩვენებლების დონეზე რჩებოდეს, როგორც ეს ადრე ხდებოდა, როდესაც საერთაშორისო მასშტაბით საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ-ის მიხედვით 2004 წელს 116-ე ადგილზე იყო, ხოლო 2012 წლისათვის ქვეყნის პოზიცია მხოლოდ ერთი ადგილით გაუმჯობესდა და 115-ზე გადავიდა, არამედ ეკონომიკური ზრდა აისახებოდეს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე", - განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის "საქართველო 2020-ის" მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრატეგია ქვეყანაში ინკლუზიურ/ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ზრდას ისახავს მიზნად.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი საბოლოო დამტკიცებამდე ყველასთვის ღიაა, რადგან სამინისტროსთვის მისაღები და საყურადღებოა საზოგადოების თუნდაც ყველაზე კრიტიკული, თუმცა ჯანსაღი მოსაზრება.
ცნობისთვის, გასული წლის ოქტომბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ახალ ანგარიშში დაწერა, რომ 2013 წლის ბოლოსთვის საქართველოს ეკონომიკა 2.5%-ით გაიზრდებოდა. 2013 წლის დასაწყისში ფონდის პროგნოზი 6%, ხოლო ივნისში 4% იყო.
ეკონომიკური ზრდის შემცირების ტენდენცია IMF-მ შემცირებული კერძო ინვესტიციებით და კრედიტებით ახსნა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს 5%-ით გაიზრდება.
ასევე, მსოფლიო ბანკმა თავის ახალ ანგარიშში - გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2014 - დაწერა, რომ საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს 6.3%-ით გაიზრდება.





