გიორგი ონიანის საქმე

გიორგი ონიანს პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა

epn.ge

საქართველოს პროკურატურამ ადვოკატ გიორგი ონიანს ახალი ბრალი წაუყენა. საგამოძიებო უწყებაში საგანგებო ბრიფინგი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ონიანს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი სიყალბე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, პოლიტიკური დევნა და განზრახ უკანონო დაკავება.

გამოძიების მტკიცებით, 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ონიანმა ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე, უკანონოდ დააკავა ქართული ოცნების მხარდამჭერი ლევან მდინარაძე (DJ რემბო).

"ლევან მდინარაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლევან მდინარაძისაგან ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საუბრისას გიორგი ონიანმა უკანონოდ დაკავებულ ლევან მდინარაძეს განუცხადა, რომ იგი ისჯებოდა ქართული ოცნების ლოგოიანი მაისურების გავრცელების გამო. ლევან მდინარაძის მიმართ უკანონოდ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, გიორგი ონიანს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით.

გიორგი ონიანისთვის ეს უკვე მეორე ბრალდებაა. გამოძიების ვერსიით, პირველ შემთხვევაში, მან პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის, შპს დაო-პრინტის მენეჯერი დავით შათირიშვილი იდენტური სცენარით უკანონოდ დააკავა.

აღნიშნულ საქმეზე გიორგი ონიანი საკუთარ სახლში დააკავეს და მას 2014 წლის 26 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 20 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

კომენტარები