საქართველოს პოლიტიკა

პოლიტიკის შესახებ

„სიმდიდრეს რაც შეეხება,
არცერთი მოქალაქე არ უნდა იყოს ისე მდიდარი,
რომ სხვისი ყიდვა შეეძლოს და, პირიქით,
არც ვინმე უნდა იყოს ისე ღარიბი, რომ თავი გასაყიდი გაუხდეს".

ჟან-ჟაკ რუსო, „საზოგადოებრივი ხელშეკრულება", თავი XI

 

ამ ბოლო დროს სულ ვიმეორებ: იმას, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს მოხდა საქართველოში, აქვს თავისი დადებითი მხარე – რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ კოალიცია ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში თავიდან ავიცილებთ საგარეო საფრთხეებს, საერთაშორისო არენაზე შევინარჩუნებთ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის თვალსაზრისით მანამდე მოპოვებულ პოზიციებს, არ დაგვემხობა თავზე ეკონომიკა, ქვეყანა კვლავ არ ჩაეფლობა შევარდნაძის პერიოდის მსგავსი კორუფციის ჭაობში და საქართველო კვლავ არ გახდება უმცირესობებზე „ნადირობის" ასპარეზი, როგორც იგი 2003 წლამდე იყო.

ბევრი მოვინდომე, არა?!

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი, რაც უნდა ცხადად ვაცნობიერებდეთ ზემოთ ჩამოთვლილ საფრთხეებს და ვხედავდეთ, როგორ თანმიმდევრულად ვკარგავთ პოზიციებს ყველა მიმართულებით (საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, კანონის უზენაესობა), დემოკრატია უშვებს არაკომპეტენტური ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლას. მაგრამ ამაშიც ვხედავ პოზიტივს: პოლიტიკური კლასის ნაწილს – კერძოდ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – გვესმის და ახლა პოლიტიკური კლასის სხვა ნაწილს ეძლევა შანსი, გაიგოს, რას ნიშნავს სახელმწიფოს მართვა.

როდესაც ვამბობ, რომ იმას, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს მოხდა საქართველოში, აქვს თავისი დადებითი მხარე, ვგულისხმობ შემდეგს: საპარლამენტო არჩევნებში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რომ გაემარჯვა, ვერავის დავაჯერებდით, რომ 1 კვტ/საათი ელექტროენერგია ვერასოდეს გახდება 5 თეთრი, 1 კუბური მეტრი გაზი ვერ გახდება 25 თეთრი, ხოლო ბენზინის ფასი ვერ იქნება 1 ლარი ან 1.30 ლარი; რომ შედეგს რუსეთთან ენის მოჩლექით ლაპარაკი არ იძლევა; რომ კანონის უზენაესობის მხრივ პრობლემები არსებობს ყველა ხელისუფლების პირობებში; რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი შეიძლება გარდაიცვალოს მაშინაც, როდესაც მთავრობა ბიუჯეტს „სოციალურად ორიენტირებულს" ხდის.

[„შეთქმულების თეორიებით" ზედმეტი გატაცება რომ არ დამწამონ, აქ არც იმის ალბათობას ვიხილავ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რომ გაემარჯვა, უპასუხებდა თუ არა ამას მილიარდერი ივანიშვილი სამოქალაქო ომით, ხოლო რუსეთი არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ინტერვენციით – ზ.ჭ.]

მოდი, გულახდილად ვთქვათ: კი ბატონო, „ციხის კადრებმა" მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ ქართველი ამომრჩევლის არჩევანში გადამწყვეტი როლი მილიარდერი ივანიშვილის სიმდიდრემ შეასრულა. „ვხედავთ, რას ვიღებთ მატერიალურად სააკაშვილის ხელისუფლებისგან; ვცადოთ, იქნებ ბატონმა ბიძინამ ამის ზემოდან საკუთარი ფულიც დაგვახარჯოს", – ასეთი იყო ჩვენი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საკმაოდ ღარიბი საზოგადოების მსჯელობა.

აღმოჩნდა, რომ არათუ „ბატონიბიძინა" არ აპირებდა „ზემოდან საკუთარი ფულის დახარჯვას", თურმე სააკაშვილის მთავრობის ძალისხმევით მიღწეული ეკონომიკური ზრდაც გარანტირებული არ ყოფილა (მის მიღწევას სხვა დონის კომპეტენცია სჭირდება) და ახლა არსებული სოციალურ-ეკონომიკური დონე რომ შეინარჩუნოს, კოალიცია ქართული ოცნების მთავრობას უზარმაზარი საგარეო და ძვირიანი საშინაო ვალის აღება უხდება.

ვალის აღება, მით უმეტეს, როცა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვალი/მშპ შეფარდება 30%-იან ნიშნულზე დატოვა, პრობლემა, ჯერჯერობით მაინც, არ იქნებოდა, თუკი ეს ფული ისევ ეკონომიკის განვითარებასა და ინვესტიციების წახალისებაზე იქნებოდა მიმართული. ვალით სოციალური ვალდებულებების გასტუმრება „საბერძნეთიზაციის" გზაა და ვალი/მშპ შეფარდება ძალიან მალე შეიძლება გადასცდეს იმ ნიშნულს, როდესაც ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და, შესაბამისად, სუვერენული რეიტინგები გაუარესდება.

კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლაში რაიმე პოზიტივის დანახვას რომ ვცდილობ, იმავდროულად, იმის იმედიც მაქვს, რომ ქართული საზოგადოება გაკვეთილს მიიღებს და, როგორც წერილში „სამი კაკალი კონკიასათვის" აღვნიშნე (იხ. ბლოგზე sapere8aude.wordpress.com, 22.12.2012), გააცნობიერებს, რომ როგორი „სოციალურად ორიენტირებულიც" არ უნდა გახადოს კოალიცია ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო ბიუჯეტი, „ჯადოსნური ჯოხი", რომელიც ერთ წამში გოგრას ეტლად აქცევდა, არ არსებობს. შესაბამისად, კოალიცია ქართული ოცნების მმართველობა იქნება იმ უტოპიის დასრულება, რომ „ყველანი უცბად მაგრად და ჯიგრულად ვიქნებით".

რაც უნდა უცნაური იყოს, ეს უტოპია ყველაზე სწრაფად წვრილ და საშუალო ბიზნესში – აი, იმაში, რომლის „გასათავისუფლებლადაც" მოვიდა ხელისუფლებაში უსუფაშვილისა და ჯაჭვლიანის უცნაური ჰიბრიდი – სრულდება. არასოდეს ისე მკაფიოდ კერძო ბიზნესს არ უგრძვნია არაკომპეტენტური პოლიტიკის შედეგი, როგორც დღეს: 9-წლიანი „სისხლიანი რეჟიმის" დროს მიღწეული ეკონომიკური ზრდის შემდეგ, საკუთარ ჯიბეზე დღეს ნაწვნევი ეკონომიკური ვარდნა, ჩემი აზრით, პოლიტიკური სიმწიფის მიღწევისთვის ძალიან მძიმე, მაგრამ, ამავე დროს, გარდაუვალი გზა ყოფილა. ამიტომაცაა, ასე ადვილად რომ იცვლება განწყობები სილამაზის სალონებსა და პატარა მაღაზიებში.

საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც თავს ინტელექტუალურ „ელიტას" მიაკუთვნებს, „გაკვეთილის მიღება" ყველაზე რთულად ხდება. რაკი ადგილობრივ ეკონომიკურ კონტექსტზე ნაკლებადაა დამოკიდებული, საზოგადოების ეს ნაწილი – ბიზნესით დაკავებული ან ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისაგან განსხვავებით – ყველაზე დიდხანს ებღაუჭება საკუთარ პოლიტიკურ სტერეოტიპებს.

თუ ყოველდღიურ შემოსავალზე დამოკიდებულებს პოლიტიკოსებისგან კონკრეტული შედეგები აინტერესებთ, ინტელექტუალურ „ელიტას" აინტერესებს, რამდენად გულწრფელია პოლიტიკოსი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორია მისი გადაწყვეტილებების მოტივაცია, რა კონტექსტში ხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება.

ბენზინის დაპირებულ ფასს რომ ვერ მიიღებს, ტაქსის მძღოლს ადვილად უცრუვდება გული მილიარდერზეც კი. მას ახსნა, რატომ ვერ მოხდა ეს, არ აინტერესებს. როდესაც ივანიშვილის მოიმედე და, იმავდროულად, საქართველოს ევროინტეგრაციის მომხრე საზოგადოების ფავორიტი რომელიმე პოლიტიკოსი ყაჩაღი პროკურორის ამბებზე (რომელ ერთზე!) სათანადო რეაგირებას არ ახდენს, ინტელექტუალური „ელიტა" მას პატიობს: ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პოლიტიკოსს „ჯაჭვლიანების გარემოცვაში" უხდება საქართველოს პროდასავლური კურსის „მესაჭეობა".

თუ ფავორიტი პოლიტიკოსის უმოქმედობა, „სირაქლემას პოზა" თუ „ლეღვის ფოთლის" კომპლექსი ძნელად „გასაპრავებელ" მასშტაბებს აღწევს – იმის პარალელურად, რომ ღარიბაშვილების, ჯაჭვლიანების, თოფაძეების, ფარცხალაძეებისა და საგანელიძეების ქმედება ყველა გონით განჭვრეტად ფარგლებს სცილდება – იწყება ოცნება ახალ, სუფთა, უმწიკვლო, გაუსვრელ, პატიოსან, შეურყვნელ, უმანკო და, რაც მთავარია, მესამე (!) პოლიტიკურ ძალაზე.

ინტელექტუალურ „ელიტას" უნდა ვუთანაგრძნო: მათ ამ ოცნებაშიც იმედგაცრუება ელოდებათ. პოლიტიკა არც ისეთი ბინძურია, როგორც ამას ჰომოსოვეტიკური აზროვნება გვკარნახობს, და არც ისეთი უმანკო, როგორც ეს (მემარცხენე) ინტელექტუალებს ჰგონიათ. როგორც ნათია მეგრელიშვილი იტყოდა, „კეთილი პოლიტიკოსი არ არსებობს". ვისაც არ სჯერა, 2012 წლის 12 დეკემბრის სატელევიზიო სიუჟეტები ნახოს, რომლებშიც „ბატონიბიძინა" მის სახლთან შეკრებილ სოციალურად დაუცველებს ესაუბრება.

საქართველოს კონტექსტში კი კიდევ ერთი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: ადამიანური რესურსების სიმწირე. ის, ვინც უკვე „ბატონიბიძინას" კარზეა, თუ არ გამოაგდეს, იქიდან თავისი ნებით არ წამოვა. გამოგდებული კი ახალ, სუფთა, უმწიკვლო, გაუსვრელ, პატიოსან, შეურყვნელ, უმანკო და, რაც მთავარია, მესამე (!) პოლიტიკურ ძალას ვერ შექმნის.

არც ისინი, ვინც, პოლიტიკური რეპრესიების მიუხედავად, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ვრჩებით, გამოვდგებით „ახალი" პოლიტიკური ძალისთვის მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბიოგრაფია. კი, გეთანხმებით, ვიღაცისთვის, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ უმწიკვლო, მაგრამ ის ჩვენია და მასზე უარის თქმას არ ვაპირებთ.

მაშ, რა ვქნათ?

პასუხი მარტივია: დავანებოთ თავი სიყვარული/სიძულვილის ტერმინებში პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების განხილვას. 100%-ით მოსაწონი პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ფიგურა არ არსებობს – ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციოლოგიური ნონსენსია. პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს შევხედოთ, როგორც ჩვენი – ამომრჩევლის – ინტერესების გატარების ინსტრუმენტს.

მთავარია, ვიცოდეთ, რა ინტერესი გვაქვს და რა გვინდა. ამას კი – საწყენად არ ვამბობ – პატარა მაღაზიის მფლობელი უკეთესად აყალიბებს, ვიდრე ინტელექტუალური „ელიტა". მათ უფრო რაციონალური არგუმენტები ჰქონდათ მაშინაც, როდესაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლის 1 ოქტომბერს ხმა არ მოგვცეს და უფრო რაციონალური არგუმენტები ექნებათ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში დაგვაბრუნებენ.

ეკონომიკის აღმავლობა/ვარდნაზე დამოკიდებული ჯიბე ყველაზე ახლოს დგას პოლიტიკასთან.

კომენტარები