პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის საქართველოში NATO-ს წარმომადგენელთა ვიზიტით კმაყოფილია. მარგველაშვილმა გენერალ კნუდ ბარტელსთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, რომელიც ადასტურებს ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანი იმპულსია ურთიერთობის შემდგომი გარღმავებისთვის.
"ვისაუბრეთ საქართველოსა და NATO-ს დაახლოების ფორმატებზე და ხაზი გაესვა ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს. საქართველო ადასტურებს მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და ჩვენი ორი ბატალიონი განაგრძობს ავღანეთში სამსახურს ISAF-ის, ავღანეთიდან გამოსვლის ოპერაციაში და სთავაზობს ალიანსს საკუთარ ინფრასტრუქტურას. ასევე მინდა გამოვთქვა მადლიერება საქართველოს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვის მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, საქართველო სათანადო შეფასებას მიიღებს 2014 წლის სამიტზე დიდ ბრიტანეთში, რაც ჩვენს თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.





