საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება. დღეს კომისიების თავმჯდომარეები მერიის წარმომადგელებს შეხვდნენ. საკრებულოს დეპუტატის ნიკო ხაჩირაშვილის თქმით, ისინი ერთიანი პაკეტის შექმნაზე მუშაობას აგრძელებენ, რომელშიც კონკრეტული მიმართულებები იქნება გაწერილი. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის თქმით კი, მერია საკრებულოს მიერ შემუშავებული დოკუმენტის წარდგენას ელოდება. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ბიუჯეტთან დაკავშირებით მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.
შეხვედრას საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელიც ესწრებოდა. რამაზ სულამანიძის თქმით, საბავშვო ბაღების დაფინანსება თბილისში თებერვლის თვეშიც გაგრძელდება. ამასთან ახალი ბაღების მშენებლობის პროექტების განხილვაც მიმდინარეობს, რის შემდეგაც ტენდერი უნდა გამოცხადდეს, ეს კი სულამანიძის განცხადებით, ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში ვერ მოხერხდება.
ხოლო თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე საკრებულოსთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შეგახსენებთ რომ, თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.
20 იანვარს, თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ შეიტანა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია. უმრავლესობის წევრების მტკიცებით კი, მერიას არ წარუდგენია ისეთი ბიუჯეტი, როგორსაც საკრებულო ითხოვს.




