ბაჩო ახალაიას საქმე

წიკლაური: გვიპასუხოს შსს-მ, სად იმყოფება გატაცებული გორგაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, "ხელისუფლების ქმედება ყველა ზღვარს გაცდა". უმცირესობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმის მოწმის გია გორგაძის აყვანაზე ისაუბრა. 

"საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანია სულ უფრო აბსურდულ სახეს იღებს. მის მიმართ წაყენებულ ბოლო ბრალდების კონტექსტში ბრალდების მხარის მიერ დაკითხული პირი გია გორგაძე დღეს დაუკავშირდა ახალაიას ადვოკატს გიორგი ონიანს და განუცხადა, რომ ბრალდების მხარის სასარგებლო ჩვენება უკანონო ზეწოლისა და შანტაჟის შედეგად მისცა. გორგაძემ ასევე განაცხადა, რომ მას არათუ არ განუცდია არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ახალაიას მხრიდან, არამედ საქმის დეტალებში მოცემულ დროს საერთოდ არ უნახავს იგი. მოწმეს სინდისის კარნახით სურდა საჯარო განცხადების გაკეთება. აღნიშნული დანაშაულის შესახებ, ადვოკატმა ონიანმა ინფორმაცია მიაწოდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და ადვოკატთა ასოციაციას. დღესვე, 4 საათზე გაზეთ პრაიმ ტაიმის ოფისში დაინიშნა გორგაძის ბრიფინგი. ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გაზეთის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გორგაძეს დახვდა და თავს დაესხა ათზე მეტი სამოქალაქო ტანსაცმლიანი პიროვნება და გაიტაცა იგი. მოვითხოვთ, სასწრაფოდ გვიპასუხოს შსს-მ, სად იმყოფება ამჟამად გატაცებული გორგაძე და ვინ გაიტაცა ის. ადვოკატებს მიეცეთ შესაძლებლობა, ნახონ ბატონი გორგაძე. გამოვთქვამთ შეშფოთებას, რომ მასზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მიაღწიონ ჩვენების შეცვლას. გვჭირდება ამ კითხვებზე პასუხი რათა გავიგოთ, ქვეყანას მართავს მართლაც ხელისუფლება თუ მართავს კრიმინალური ბანდა, რომელიც უკვე დღისით, ქუჩიდან იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს", - აცხადებს წიკლაური. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, "ეს აღმაშფოთებელი ფაქტი არა მხოლოდ უტყუარად ადასტურებს ახალაიას მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის პოლიტიკურ ხასიათსა და სამართლებრივ უსაფუძვლობას, არამედ იმასაც, რომ დიდი ალბათობით, ხორციელდება ახალაიას ადვოკატების უკანონო მიყურადება".

 

კომენტარები