საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თანამდებობა 2013 წლის ოქტომბერში დატოვა, გასული წლის განმავლობაში არაერთი მსოფლიო ბრენდის აქცია შეიძინა, მათ შორის ამერიკული Apple-სა და თურქული ავიაკომპანია Turkish Airline-ის.
ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2013 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნდა, წერია, რომ მილიარდერი 2013 წელს გახდა რამდენიმე მსხვილი თურქული კომპანიის მეწილე.
ბიძინა ივანიშვილი ფლობს Turkish Airline-ის მფლობელი კომპანია Turk Hava Yollaris-ის 300 000 აქციას, ერთი აქციის ღირებულება 2.72 ევროა. მილიარდერის ქონებაში 2013 წელს ასევე გაჩნდა Deutsche Bank-ის 20 000 აქცია (1 აქციის ფასი 35.49 ევრო), ასევე გასულ წელსაა შეძენილი Rolls Royce-ის 7 000 აქია.
აღნიშნული კომპანიების გარდა, ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში 2013 წელს აღმოჩნდა თურქული უმსხვილესი ბანკების Turkiye Halk Bankasi-სა და Turkiye Is Bankasi-ის აქციები, ასევე სასტუმროების ქსელ Intercontinental Hotels-ის 30 000 და Volkswagen-ის 2 722 აქცია.
ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს შეიძინა გერმანული სადაზღვევო კომპანია Uniqta Samm-ის 40 000 და შვეიცარიული საფინანსო კომპანია UBS-ის 40 000 აქცია. საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს ასევე ნაყიდი აქვს Apple-ის 2 400 აქცია.
რამდენიმე ცნობილი ბრენდის აქციების შეძენის პარალელურად, 2013 წლის დეკლარაციაში არ ფიგურირებს რამდენიმე ცნობილი კომპანია, რომელთა წილს ივანიშვილი 2012 წელს ფლობდა.
მაგალითად, ივანიშვილს 2013 წელს საკუთრებაში არ აქვს მითითებული ფრანგული სუპერმარკეტების ქსელ Carrefour-ის 30 000 აქცია, ასევე ჩეხური ენერგოკომპანია CEZ-ის, Siemens-ის, Citigroup-ისა და Telekomunikacja Polska-ს აქციები.





