გიგი უგულავას საქმე

გაბაშვილი: პროკურატურამ და მმართველმა გუნდმა უგულავას საქმეზე მოილაპარაკეს

geonews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, თბილისის მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ და მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მოილაპარაკეს. დეპუტატ გიორგი გაბაშვილის თქმით, ვიდრე პროკურატურას მოქმედება დაუწყია, პოლიტიკურმა გუნდმა უკვე იცის, როგორ მოიქცევა პროკურატურა.

"ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური გუნდი თათბირობს - რა სამართლებრივი ზომები გამოიყენონ გიგი უგულავას წინააღმდეგ. შესაბამისად, სახეზეა, რომ მთელი ეს პროცესი პოლიტიკურია, სხვა შემთხვევაში პოლიტიკურ გუნდთან მოთათბირება და მათი ინფორმირება იმის შესახებ, რას მოიმოქმედებენ, პროკურატურას არაფერში სჭირდება. ეს სკანდალური განცხადება ამტკიცებს, რომ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებაა, როგორ მოიქცნენ გიგი უგულავას წინააღმდეგ. მათ იციან, რომ გიგი უგულავა არის ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე", - განაცხადა გაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ტვ 3-ის ეთერში, გადაცემა დიდ პოლიტიკაში განაცხადა, რომ პროკურატურა თბილისის მერ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. თავად პროკურატურის განცხადებით კი, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ რა ტიპის აღკვეთის ღონისძებას მოითხოვენ.

კომენტარები