აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენცია ზაგულბაში გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღმავების სურვილი. საქართველოს პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის ხელისუფლების მყარი მხარდამჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანული სააგენტო ნოვოსტი-აზერბაიჯანის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანს შაჰდენიზ-2 პროექტზე საინვესტიციო გადაწყვეტილების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია. საზეიმო ღონისძიებები 17 დეკემბერს არის დაგეგმილი. ცერემონიას იტალიის პრემიერმინისტრი, დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სხვა ქვეყნების დელეგაციები დაესწრებიან. ცერემონიაზე ჰეიდარ ალიევის ცენტრში საქართველოს პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა.
შაჰდენიზის გაზის საბადოს ათვისების მეორე სტადიის პროექტის ღირებულება 25 მილიარდი დოლარია. ის ახალი მომპოვებელი პლატფორმების მშენებლობას, სანმგაჩალის ტერმინალისა და სამხრეთკავკასიური გაზსადენის გაფართოებას ითვალისწინებს. მეორე სტადიის ფარგლებში 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვება არის დაგეგმილი. პირველ გაზს შაჰდენის-2დან საქართველოს გავლით 2018 წელს თუექეთიმ ხოლო 2019 წელს - ევროპა მიიღებს.





