აქციები უკრაინაში

ევროპარლამენტი უკრაინას ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ახსენებს

ევროპარლამენტის მიერ მიღებული დეკლარაცია - "ვილნიუსის სამიტის შედეგებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე, მათ შორის - უკრაინასთან დაკავშირებით" - მოუწოდებს ევროკომისიას დაუყოვნებლივ დაიწყოს შუამავლური მისია "უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე" უკრაინაში.

ევროპარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს "დემონსტრანტებს ევროპული მომავალისთვის და მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას სრულად სცეს პატივი სამოქალაქო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს შეკრებისა და მანისფესტაციების შესახებ".

ევროპარლამენტი იქვე შეახსენებს უკრაინას საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ: "ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ასეთი ღონისძიებები ღიად ეწინააღმდეგება შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების ფუძემდებლურ პრინციპს და, შესაბამისად, არღვევს უნივერსალურ ევროპულ ღირებულებებს", - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში გამოხატულია მწუხარება იმ "სასტიკი მოვლენების გამო, რომელიც 9 დეკემბრის ღამეს მოხდა, როცა უსაფრთხოების ძალები შეიჭრნენ ოპოზიციური პარტიისა და თავისუფალი მედიის ოფისებში, ასევე დევნიდნენ დემონსტრანტებს. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები მიგვიყვანს სამომავლო ესკალაციამდე და კიდევ უფრო დაძაბავს, ისედაც დაძაბულ სიტუაციას".

"დაბეჯითებით მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში პროტესტის მონაწილეებთან, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ძალადობის ესკალაცია და დესტაბილიზაცია ქვეყანაში", - აცხადებს ევროპარლამენტი. ამასთან, რეზოლუცია შეახსენებს უკრაინის ხელისუფლებას, რომ "ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში შესაძლებელია ჩატარდეს ახალი არჩევნები, როცა აუცილებელია განახლდეს სახალხო ლეგიტიმურობა". ხელისუფლების გადადგომა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მაიდანზე შეკრებილთა მთავარი მოთხოვნაა.

კომენტარები