პრეზიდენტის ინტერვიუ

მარგველაშვილი: რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებით წააგო

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით წააგო. ამის შესახებ მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში განაცხადა.

ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხა, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებით გარკვეულწილად უკან დასახევი გზა ხომ არ მოიჭრა. რაზეც გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ რუსეთს საქართველოსთან ტერიტორიული დაპყრობითი ომის ინტერესი არ ჰქონდა, საერთაშორისო ასპარეზზე კი, იმიჯი გაუფუჭდა.

"მოდით ასე შევხედოთ, ამ ომით რუსეთს რა ინტერესები ჰქონდა? არავინ მითხრას, რომ რუსეთს ტერიტორიები აკლია და ეს იყო ტერიტორიული დაპყრობითი  ომი. ეს ასე არ არის. შევხედოთ მეორე მხრიდან, რა წააგო რუსეთმა? რუსეთმა წააგო ის, რომ მისი იმიჯი მსოფლიო თანამეგობრობაში, სადაც რუსეთი ცდილობს ითამაშოს თანამედროვე, დასავლური, ძლიერი სახელწიფოს როლი, ამ ქმედებით ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით არ არსებობს მაღალი დონის შეხვედრა, სადაც რუსეთს არ ახსენებენ, რომ მისი მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც აკავშირებდა კულტურული, ემოციური, ისტორული კავშირები, ასე დაჩაგრა. ყველგან ხდება ამის ხაზგასმა. ვინ მოიგო ამით? ჩვენმა თანამემამულეებმა ცხინვალში და ჩვენმა თანამემამულეებმა სოხუმში რამე მოიგეს? რა პერსპექტივა აქვს იქაურ საზოგადოებას? ჩვენ ამ პერსპექტივას ძალიან ცოტა ხანში ვაჩვენებთ. ჩვენ ვაჩვენებთ თანამერდროვე ევროპულ საქართველოს, სადაც ცხინვალის მოქალაქეს ეჭირება პასპორტი, რომლითაც იოლად, ყოველგვარი ვიზის გარეშე გადაადგილდება ვენაში, ბერლინში და რომში. ასოცირების ხელშეკრულებაში ეს ტერიტორიებიც გათვალისწინებულია და ჩვენ ვაჩვენებთ ცხინვალის მოსახლეობას, რომ არავის სურს მათი დაპყრობა. ჩვენ უბრალოდ გვჭირდებიან ისინი, რომ ვაშენოთ თანამედროვე, დემოკრატიული, ევროპული საქართველო", - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის, მავთულხლართებზე საინტერესო ევროპულ საქართველოში ცხოვრება იქნება. 

"რა უფრო საინტერესოა - მავთულხლართების მიღმა ჩაკეტვა თუ მონაწილეობა ერთიან ევროპულ პროცესში? ეს იქნება ცოტა ხანში. იმ ბერკეტს, რასაც რუსეთი იყენებს მავთულხლართების ფორმით, ჩვენ მუდმივად ვეწინააღმდეგებით. ამ მავთულხლართებზე ჩვენც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მუდმივად ვაკეთებთ აქცენტს. ეს მავთულხლართები არის იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებსაც უნდათ საქართველოში გადმოსვლა და ჩვენთან ურთიერთობა, ჩვენი მეგობრების, თანამემამულეების წინააღმდეგ, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ თბილისში სამკურნალოდ. ეს კარგად ესმით და ამიტომ ეს თემა არ გაჩერდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა საქართველოს პრეზიდენტს შეახსენა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადება, რომ რუსეთმა 2008 წლის ომით საქართველოს NATO-სკენ სწრაფვა შეაჩერა და სწორედ ეს მოიგო. 

"საქართველოს სწრაფვა NATO-სკენ არის გეოპოლიტიკური და ქართველი ერის არჩევანი.  მე არ მგონია, რომ ეს ეს არჩევანი ვინმემ, რომელიმე სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს. მეორე მომენტი, მე ვერ ვხედავ, რატომ შეაჩერა, როგორ შეაჩერა? ჩვენთვის ნამდვილად იყო ტრაგედია და კოშმარი 2008-ში, მაგრამ იმ პროცესს რანაირად აჩერებს? ვერანაირად" - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის შემოდგომაზე, ლონდონში, საერთაშორისო პარტნიორები NATO-ში საქართველოს მომავალზე იმსჯელებენ.

"ეს არ არის გაფართოების სამიტი, თუმცა, მასზე საქართველოს თავისი ძალიან სერიოზული მანდატი აქვს. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები, რომელმაც მოაწერა ხელი პარაფირებას, რომელსაც ექნება სერიოზული ჩანაწერები, როგორ განხორციელდა ქვეყნის ევროპეიზაცია. ეს არის პატარა ქვეყანა, რომელიც ძალიან ვაჟკაცურად უდგას გვერდით NATO-ს თავის ოპერაციებში და მშვიდობის დაცვაში მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ძალიან სერიოზული პოზიცია გვაქვს NATO-ს სამიტისთვის. კონკრეტულ მექანიზმებზე ჯერ ვერ გესაუბრებით, რადგან ამაზე მსჯელობა მიდის" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის ეთერში.

 

კომენტარები