კოგნიტიური დისონანსი

ოცნების ბუშტი

ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლეონ ფესტინგერმა რაღაც თვალთმაქცობით შეაღწია „განკითხვის დღის" მიმდევარ რელიგიურ კულტ „მაძიებლებში". ამ კულტის წევრებს სწამდათ, რომ 1954 წლის 21 დეკემბერს კაცობრიობას ღვთის მიერ მოვლენილი წარღვნა გაანადგურებდა. განადგურება მხოლოდ „მაძიებლებს" ასცდებოდა - დედამიწაზე განვითარებული კატაკლიზმის დროს უცხო პლანეტიდან მოფრენილი საჰაერო ხომალდი კულტელებს კარს გაუღებდა და აპოკალიფსს კოსმოსურ სივრცეში განარიდებდა. აღსანიშნავია, რომ „მაძიებელთა" უმრავლესობა სრულად განიძარცვა მატერიალური ფასეულობისგან, როცა იწამა და ერთმორწმუნეთა დასს შეუერთდა. ყველაფერი, რაც გააჩნდათ - სახლი, მანქანა, საბანკო ანგარიში თუ საოჯახო რელიკვია - ჯესი ჯეიმსის ნაქონი ექვსვაზნიანი „კოლტი" – საშინელი სამჯავროს კონკრეტული ვადების რწმენას შეეწირა.

ფესტინგერი მოვლენების განვითარებას კინოფილმ „შერეკილების" პერსონაჟ ნოშრევან კუჭუხიძევის მსგავსად, „შიგნიდან" აკვირდებოდა. ექიმ კუჭუხიძისგან განსხვავებით, რომელიც „იდეის აუცილებელი კრახით გამოწვეული ფსიქოლოგიური შოკის" სამკურნალოდ ბროწეულის წვენის ოყნებს ანიჭებდა უპირატესობას, მის ოკეანესგადაღმელ კოლეგას ამერიკელი „ფრენოლოგების" მკურნალობაზე არც უფიქრია. მას მიზნად მხოლოდ კულტელების ფსიქოლოგიური შოკის აღწერა ჰქონდა დასახული.

დანიშნული დღეც დადგა. წარღვნა არ შედგა, არც უცხოპლანეტელები გამოჩენილან. კულტი მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდა. რა მოხდა? ნუთუ გაბრიყვდნენ? ნუთუ სულ ტყუილად გაასხვისეს „მატერიალური ავლადიდება"? ჯესი ჯეიმსის „კოლტი" მაინც დაეტოვებინათ! ის ემოციური ქარიშხალი, რომელიც ბედკრულმა „მაძიებლებმა" განიცადეს, ვითომდა ჭირვარამ გამზიარებელმა ფსიქოლოგმა მონათლა ტერმინით „კოგნიტიური დისონანსი".

„კოგნიტიური დისონანსი" წარმოადგენს ისეთ მდგომარეობას, როცა ორი ან მეტი ურთიერთგამომრიცხავი იდეა, ღირებულება, ემოცია და ა.შ. („მაძიებლების" აპოკალიფსის რწმენა და ამის საპირისპირო რეალობა) ერთდროულად განიცდება პიროვნების მიერ. ეს არის მდგომარეობა, როცა იძულებული ხარ შეეჩეხო იმას, რაც შენს მსოფლმხედველობას დიამეტრულად ეწინააღმდეგება.

დისონანსურ მდგომარეობაშია, მაგალითად, თავგადაკლული პროდასავლელი „რეიგანისტი", რომელსაც სწამს, რომ პატრიარქი გადაარჩენს საქართველოს. როგორ გინდა კაცმა ისეთი ურთიერთგამომრიცხავი ფასეულობები შეაჯერო, როგორიც არის, ერთი მხრივ, პატივისცემა მსოფლიოში პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებისათვის მებრძოლი პრეზიდენტისადმი და, მეორე მხრივ, სიმპათია ილია მეორის მოსკოვური ვიზიტებისა და პუტინისადმი მიმართული მისი პანეგირიკებისადმი?

არცთუ იშვიათად, კოგნიტიური დისონანსით გამოწვეული სულიერი მღელვარება კატასტროფით მთავრდება. ჯონ ლენონის მკვლელ მარკ ჩეპმენისთვის სრულყოფილების ორი ნიმუში არსებობდა: მისი მომავალი მსხვერპლი ყოფილი „ბითლზი" და ჰოლდენ კოლფილდი, სელინჯერის რომანის „თამაში ჭვავის ყანაში" პროტაგონისტი. ეს ორი პიროვნება, რეალური და გამოგონილი, წარმოადგენდნენ „სულიერების" იმ იდეალს, რომელიც ჩეპმენისთვის „ფულზე აგებულ ბურჟუაზიულ ფასეულობებს" უპირისპირდებოდა. ამ ფონზე ჩემპენი იგებს, რომ ლენონს, ამ ანტიისტებლიშმენტის სიმბოლოს, მატერიალურ ფასეულებებზე აგებული ბურჟუაზიული კულტურის ანტიდოტს, საკუთარ საბანკო ანგარიშზე 200 მილიონი დოლარი უდევს. წარმოსახვითი და რეალური ლენონის შეჯერება ჩეპმენმა ვეღარ შეძლო და ეს კონფლიქტი წარმოსახვითი ლენონის სასარგებლოდ გადაწყვიტა, ხოლო რეალურს 5 ტყვია დაახალა და სიცოცხლეს გამოასალმა.
მეორე უკიდურესობაა სრული ემოციური გულგრილობა ურთიერთგამომრიცხავ ფასეულობებთან შეჯახებისას, მორალური წინააღმდეგობის არარსებობა. ამის მაგალითებს უხვად ვპოულობთ „კანონიერი ქურდების" სოციალურ გარემოში. მათ ფსიქოლოგიას ვარლამ შალამოვი, გულაგგამოვლილი რუსი მწერალი, ახასიათებდა, როგორც „უსაზღვრო ამორალურ უტიფრობას" („беспредельная наглость в отсутствии всякой морали"). ამგვარი „უსაზღვრო უტიფრობა" რწმენის („გაგების") შერყევის სულიერ მღელვარებას არ განიცდის, რადგან მისი რწმენა („გაგება") გარედან ზეწოლის პირობებში პლასტილინივით ნებისმიერ კომფორტულ მდგომარეობას იღებს. თუ ადრე „კანონიერი ქურდი" და „მოწმე" ურთიერთგამომრიცხავ ცნებებად ითლებოდა, დღეს ეს წინააღმდეგობა მოიხსნა, თანაც ყოველგვარი ეთიკური წინააღმდეგობის გარეშე. ქართველი კანონიერი ქურდები წარმატებით და ერთგვარი სიამაყითაც კი უჩივიან ყოფილ მაღალჩინოსნებს და სასამართლოებში მოწმეებადაც გამოდიან.

ილია ამბობს: „ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან". ქურდისთვის არც პატარა, არც დიდი ღმერთი არ არსებობს, მისი ის ნახევრადგადაგვარებული ანატომიური ორგანო, რომელიც სინდის-ნამუსს აღრიცხავს, ქურდად ინიციაციის პროცესში სრულად „იკვეთება". ამიტომაც, საკმარისია „სხოდკაზე" გადაწყვიტო, რომ ესა თუ ის საქციელი მისაღებია (არსებული „პალაჟენიიდან" გამომდინარე) და რაც გინდა ის ქენი, თუ გინდა იმპერატორ ნერონის მსგავსად საკუთარ მშობელთან დაწექი ბაზრის მოედანზე.

მარკ ჩეპმენისეული სენსიტიურობა და კანონიერი ქურდის უუნარობა, განიცადოს კოგნიტიური დისონანსი, ორი უკიდურესი პოლუსია. ჩვეულებრივი ადამიანის რეაქცია ურთიერგამომრიცხავი მოვლენების აღქმაზე არც ჩეპმენისეული დრამატიზმით ხასიათდება და არც ქურდული გულგრილობით. კოგნიტიური დისონანსის განმცდელი ჩვეულებრივი ადამიანი ექიმ ნოშრევან კუჭუხიძესავით ეხვეწება „შერეკილებს" დედამიწაზე დაბრუნებას, და, თუ რეალობის შეცვლას ვერ ახერხებს (ურემი მიფრინავს, აპოკალიფსი არ ხორციელდება), ახალ მოთხრობას იგონებს, რომ საკუთარი მსოფლმხედველობა შეუთავსებელ რეალობასთან შეაჯეროს. უცხოპლანეტელებისგან მივიწყებულმა „მაძიებლებმა" საკუთარი თავი იმაში დაარწმუნეს, რომ მათი ღვთისმოსაობის გამო ღმერთმა დედამიწა დაინდო. ამ ახალი მოთხრობის შექმნით კულტელებმა რწმენაც შეინარჩუნეს და მისი გამბათილებელი რეალობაც გაამართლეს. მიუხედავად არშემდგარი წინასწარმეტყველებისა, კულტი არათუ გადარჩა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა და ღვთს კეთილი ნების გამოვლინების მახარობლურ გავრცელებასაც მიჰყო ხელი.

ადამიანის გონი განუწყვეტლივ ცდილობს აუხსნას საკუთარ თავს საკუთარი თავი მსგავსი მოთხრობების შეთხზვით. ამ მოთხრობებმა ნაოცნებარი რეალობასთან უნდა შეარიგონ, ურთიერთიერთგამომრიცხავი დებულებები „შეკრან" და კოგნიტიური დისონანსით გამოწვეული დაძაბულობა გაანელონ. ზემოთ მოყვანილი წარმოსახვითი „რეიგანისტ-პატრიარქისტიც" ახალ მოთხრობას მოუყვება საკუთარ თავს. ისეთ მოთხრობას, რომელიც პუტინის მადიდებელი პატრიარქისა და პროდასავლურ (ანტირუსულ) რიტორიკებს გააერთიანებდა.

ხაზგასასმელია ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენად შორს დგას ამგვარი მონაყოლი სიმართლისგან. ის წარმოსახვაში, ოცნებაშია შექმნილი და მისი რეალობად დანახვა - „გამართლება" - ყველა კულტურაში მიღებული ხერხია. ამგვარი აბსურდული მონათხრობის შექმნის და დაჯერების კარგ ნიმუშად გამოდგებოდა ქართულ ცნობიერებაში უკვე ფეხმოკიდებული მოთხრობა „ღვთისმოსავი სტალინის" შესახებ.

ცხადია, რომ ქართველს ერთნაირად ძნელად ეთმობა სტალინი და მართლმადიდებლური რელიგია, ოქსიმორონული „ღვთისმოსავი სტალინიც" დისონანსური ტერმინების შეუღლების მცდელობაა და ეს მიუხედავად იმისა, რომ სხვა ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი სიტყვათშეთანხმება ძნელი წარმოსადგენია. ადამიანს უამრავი მენტალური ხერხი აქვს საიმისოდ, რომ საკუთარი თავი ნაოცნებარში დააჯეროს. ყველა ეს ხერხი რაციონალური აზროვნების შეფერხების ხარჯზე ხდება. ასე მაგალითად, საქართველოს პატრიარქი შემდეგნაირად ადასტურებს სტალინის ღვთისმოსავობას: „მან არა მარტო ტაძრების გახსნის ნება დართო, არამედ სასულიერო აკადემიების გახსნაც მოინდომა; ერთხელ, სტალინმა რუსეთის სასულიერო პირებს ჰკითხა რითი დაგეხმარეთო, რაზეც მათ უპასუხეს, რომ მადლობელი არიან ტაძრების გახსნისთვის; სტალინმა კი უპასუხა, რომ ეს საკმარისი არ იყო და სასულიერო სასწავლებლები უნდა გაეხსნათ; ეს თვითონ მან თქვა; ის ხომ თავად იყო სემინარიელი და იცოდა სასულიერო განათლების ფასი".

სილოგიკური დასკვნა - სტალინი სასულიერო განათლების მოსარჩლე და დამცველი იყო, გამომდინარე იმ წანამძღვარიდან, რომ მან ტაძრების და სემინარიების გახსნის ნებართვა გასცა (იმ ტაძარ-სემინარიების, რომლებიც მანამდე თავადვე დაანგრია, და მათთან ერთად გაანადგურა მათი მომსახურე სასულიერო პერსონალი), ისეთივე ლოგიკური აბსურდია, როგორც მტკიცებულება, რომელიც გებელსს ებრაელების მიმტევებელ პიროვნებად წარმოაჩენდა იმიტომ, რომ მან თავისი ყოფილი ებრაელი მასწავლებელი საკონცენტრაციო ბანაკიდან დაიხსნა. მსჯელობის მსგავსი სისუსტე ლოგიკაში „დადასტურების მცდარობად" იწოდება - პიროვნება გამორჩევით ანიჭებს უპირატესობას ინფორმაციას, რომელიც მისი რწმენის სისტემას და ჰიპოთეზას ეთანხმება.

ადამიანის ტვინის სკანირება უჩვენებს, რომ ტვინის ის ნაწილი, რომლიც რაციონალურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი, უარესად მარაგდება სისხლით, როცა პიროვნებას წარმოუდგენენ მისი მსოფლმხედველობის საწინააღმდეგო დებულებას, და უკეთ მარაგდება სისხლით, როცა პიროვნებას მიაწვდიან მისი მსოფლმხედველობის შესაბამის მტკიცებულებას. ლოგიკური, რაციონალური აზროვნების მომსახურე ტვინის უჯრედები გამოირთვებიან, თუ ტვინი ჩათვლის, რომ რაციონალური აზროვნება შექმნილ იდეოლოგიას საფრთხის ქვეშ აყენებს. მეტიც, ნაოცნებარის „გამართლების" პროცესის დროს საწინააღმდეგო ფაქტების მოყვანა რწმენას კიდევ უფრო აღრმავებს. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ კარგად აღწერილ ფენომენს „უკუაფეთქების ეფექტს" უწოდებენ. როცა ვინმე ცდილობს შეგისწოროს ის, რაც გწამს, რწმენა უფრო გიძლიერდება. 11 სექტემბერი აშშ-ის მთავრობის მიერ იყო დაგეგმილი, ჯონ კენედის მკვლელობაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მონაწილეობდა, სააკაშვილი დასავლეთს წლობით „სიცრუეში ამყოფებდა" და ა.შ. მსგავსი წარმოდგენების საწინააღმდეგო მტკიცებულება უფრო აძლიერებს მორწმუნის პოზიციას. საწინააღმდეგო მტკიცებულება ხშირად აღიქმება, როგორც შეთქმულების თეორიის შემადგენელი ნაწილი. მხოლოდ ფაქტებით, მეცნიერული დასკვნებით, ავტორიტეტული პირების გამონათქვამებით და ა.შ. შეუძლებელია კამათის მოგება, მოწინააღმდეგის გადარწმუნება. „ნაცებად" და „ქოცებად" დაყოფილი ქართული ფეისბუქი ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთვის „სტალინი ყოველთვის იყო და დარჩება ქართველი ერის საამაყო შვილად, მსოფლიოს გრანდიოზულ ფიგურად... მსოფლიო სწავლობს სტალინის ნაშ­ რომებზე". ბ-ნი ჩხეიძისთვის საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანა, რომლებიც აჩვენებდნენ, რომ მსოფლიო ისევე სწავლობს სტალინის ნაშრომებს, როგორც ჰიტლერის „მაინ კამპფს" - ორივე ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებების დაკვირვების საგანია; რომ სტალინის პირდაპირი ბრძანებებით მილიონობით ადამიანის დახოცვის ფაქტი ვერანაირად ვერ გამოიყვანს (ლოგიკური მსჯელობით) ამ იდეოლოგიის გამტარებელს კაცთმოყვარედ, წყლის ნაყვა იქნებოდა. ჭეშმარიტად, ტვინი „ითიშება", როცა ის თვლის, რომ მისი იდეოლოგია საფრთხის ქვეშაა.

და, მაინც, ნაოცნებარის რეალობაში დანახვის, ანუ ურთიერთსაპირისპირო მოვლენების აბსურდული ქარგით გამთლიანების სურვილი ზოგადად ადამიანური თვისებაა. ამგვარად წარმოშობილი ნარატივი („მოთხრობა") ცხოვრების აღქმას აიოლებს, მტკივნეული რეალობიდან გაქცევის საშუალებას იძლევა. ასეთი „გამამთლიანებელი" მოთხრობის მაგალითი, რომელსაც ქართველი საკუთარ თავს უყვება, არის მოთხრობა „ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა" და მისი გადარჩენის შესახებ. ეს და მსგავსი მონაყოლი აუცილებელიც კია ერის კეთილდღეობისთვის მანამ, სანამ ბალანსი ოცნებასა და რეალობის აღქმას შორის არ დარღვეულა გაძლიერებული ოცნებაწარმოშობის სასარგებლოდ.
ასეთი დარღვეული ბალანსის ნიშანია საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთა რწმენა, რომ წინასაარჩევნო დაპირებები „გადაჭარბებულად შესრულდა", „მსოფლიო ბანკმა რა იცის", „საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცდება" და მსგავსი განცხადებები, ზოგადად უდარდელი და ქარაფშუტული დამოკიდებულება რეალობის მიმართ. თითქოს წარმოსახვასა და რეალობას შორის ზღვარი წაიშალა, და, რომ რაც უნდა მოხდეს, მაინც „გავფრინდებით", და „ივერია მაინც გაბრწყინდება". საერო და რელიგიური ლიდერებიც ხომ სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან „შერეკილების" პერსონაჟებს, როცა ქრისტეფორე მგალობლიშვილის და ძუკნურელ ერთაოზ ბრეგვაძის ჯიუტი თავდაჯერებით აგრძელებენ ურმის შენებას, ოცნებებში ჩაძირვას.

მთავრობის პოლიტიკური კურსი - რუსეთის დაყვავება, 2008 წლი ომში აგრესორად საქართველოს აღიარება და ოკუპანტის კეთილ ნებაზე აქცენტების გადატანა, სამწუხარო სიცხადით თანხვდება პატრიარქის არგუმენტებს ქვეყნის გამთლიანების მისეური გეგმის შესახებ: „საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნაა; საქართველოს დაქუცმაცება არ შეიძლება; ამას ღვთისმშობელი არ დაუშვებს; ეს ძალიან დიდი ცოდვაა ღვთის წინაშე; აფხაზეთი და ცხინვალი - ეს საქართველოს ძირეული ტერიტორიებია; ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი ხალხი, რუსები და ქართველები, აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს ამ რთული სიტუაციიდან". ან სხვა მღვდელმსახურის გამონათქვამი რად ღირს იმის თაობაზე, რომ „აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვა ღვთის ნებით მოხდა". აქ, ალბათ, იგულისხმება, რომ ღმერთი რუსეთის ხელით მოქმედებდა. მსგავსი განცხადებების მოსმენისას ისეთი განცდა ჩნდება, თითქოს ერიც და ბერიც ოცნების ბუშტშია მოქცეული.

კი, მაგრამ „ღვთისმშობლის მეცადინეობისა" და რუსეთის „კეთილი ნების" მიუხედავად, რომ არ გამთლიანდეს? პირიქით, საოკუპაციო ხაზმა კიდევ უფრო ღრმად რომ გადმოიწიოს? მაშინ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ახალი მოთხრობა შეიქმნება, დაახლოებით ამ შინაარსის: „მართალია, ფიზიკური განადგურების მიჯნაზე ვართ მისულნი, მაგრამ სულიერად უკვე ავმაღლდით და იქ, ზეციურ საქართველოში, გავიხარებთ და ამქვეყნიურ მტრებზე მაშინ ვიძიებთ შურს".
„ოცნების ბუშტში" დარჩენის ფუფუნების უფლება „მაძიებელების" მსგავსი კულტებისთვისაა დასაშვები, მთლიანი ერისთვის კი გარდაუვალი კატასტროფის მომასწავებელია. იმედია, ეს ბუშტი დროულად გასკდება, და ქართველიც ზეციდან მიწაზე დაეშვება, გააცნობიერებს მტკივნეულ რეალობას და მფრინავი ურმის მშენებლობის ნაცვლად ქვეყნის შენებას დაუბრუნდება.

კომენტარები