უსუფაშვილის ვიზიტი ლიტვასა და ლატვიაში

უსუფაშვილი: უნდა მოიძებნოს კონკრეტული გზები დეოკუპაციის მიმათულებით

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ლიტვასა და ლატვიაში ვიზიტი დაასრულა. მისი შეფასებით, შეხვედრებმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა. 

"ჩვენ დაგვხვდნენ საქართველოს მეგობრები. ისინი მონდომებული არიან მხარი დაგვიჭირონ ყველა ძირითად საკითხში, რომელიც შეეხება ევროპულ ინტეგრაციას ვილნიუსის სამიტზე, ლონდონის მომავალი წლის ნატოს სამიტს, ასოცირების ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერას და რატიფიცირებას",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია საქართველოს დაეხმაროს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელთა მოგვარებაც მოქალაქეებს დაეხმარება იგრძნონ ევროინტეგრაციის სიკეთეები. 

"ისინი უპრეცედენტოდ და უანგაროდ გვეხმარებიან იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის წევრი. ლატვია და ლიტვა არიან ევროკავშირის ყველაზე აქტიური წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ ევროკავშირის გაფართოებას. ამის შემდეგ იწყება უკვე მეორე, უფრო სერიოზული და რთული თემა - რუსეთთან ურთიერთობა, დეოკუპაციის საკითხები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ საკითხებზე გვაქვს საუბარი და ძალიან კონკრეტული გეგმები. ევროკავშირთან ინტეგრაციის კვალობაზე უნდა მოიძებნოს კონკრეტული გზები დეოკუპაციის მიმართულებითაც" - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს უახლოეს თვეებს არ უკავშირდება, მაგრამ ათწლეულების თემაც არ არის. 

კომენტარები