ბიძინა ივანიშვილი

როცა ბიძინა წავა

„Когда закончится нефть,
Ты будешь опять со мной".
იური შევჩუკი, DDT

ქალწულობისგან განსხვავებით, ღირსება არა მხოლოდ აღდგენას, არამედ დაკარგვასაც არ ექვემდებარება. ის ან გაქვს – და, თუ ასეა, მას ვერავინ აგყრის, ან არ გაქვს – და, თუ ასეა, მას ვერც დაიბრუნებ.

ალბათ ლოგიკურია, რომ ადამიანები, ვინც თვლიან, რომ ღირსება აღიდგინეს – მაგალითად, რუსული დაზვერვის ოფიცრის პოლიტპატიმრად შერაცხვის ქომაგები და ევროპარლამენტის მიერ მერაბიშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიების ოპონენტები – ასე გულანთებით მიილტვიან სოჭის ოლიმპიადისკენ. გზადაგზა იმდენ სულელურ არგუმენტს იგონებენ უთავმოყვარეობის პრაგმატიზმად მოსანათლად, ხანდახან გულწრფელად საყვარლებიც კი არიან... თუმცა, სოჭის ოლიმპიადის გამო კიდევ ბევრი ბრძოლა გველის წინ. ოლიმპიადამდე კი ქართველ ერს, როგორც მინიმუმ, ერთი დიდი კატაკლიზმა აქვს გადასატანი. ეს კატაკლიზმა ბატონი ბიძინას პოლიტიკიდან წასვლა და ჩვეულებრივ მოკვდავთა რიგებში გარდამოსვლაა.

თავს უფლებას მივცემ და, გიორგი მარგველაშვილის მსგავსად, ბატონ ბიძინას აწი მხოლოდ „ბიძინათი" მოვიხსენიებ. ამის გაკეთება – ყოველ შემთხვევაში, კოაბიტაციის დასრულებამდე მაინც – განსაკუთრებულ რისკთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. თანაც, ამით პატივს მივაგებ ბატონი ბიძინას... უკაცრავად, ბიძინას! – სურვილს, რომ ის მესიად არ განვიხილოთ. ამრიგად, ყველაფერთან ერთად, ეს წერილი ჩემი თვითთერაპიის ნაწილიც იქნება, რომლითაც შევეცდები საკუთარ თავში მესიანიზმის მოთხოვნილება დავძლიო.

მაშ ასე, რა მოხდება მაშინ, როცა ბიძინა წავა? როგორ განვაგრძობთ არსებობას?

პირველ რიგში, იქნება დიდი ემოცია – დანაკარგისა და სიცარიელის განცდა, ეგზისტენციური ეჭვები, მომავლის შიში... ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს პრემიერი, მაგრამ ალბათ ბევრი ჩვენგანი იტირებს ისე, როგორც ტიროდნენ ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევის გარდაცვალებისას, როცა ეგონათ, რომ კაცობრიობა ატომური აპოკალიფსის ზღურბლთან იდგა.

Image removed.

როცა ბიძინა წავა, სტრუქტურულად გაჯანსაღებული ეკონომიკა განაგრძობს შეუქცევად აღმავლობას, რეალობის ობიექტურად შემფასებელ ექსპერტებსა და სოციოლოგებს კი გამოეწერებათ პრემიები. პარლამენტი, რომლის ინტელექტუალური რესურსი ძირითადად ახალ-ახალი შეზღუდვებისა და აკრძალვების მოფიქრებაზე იხარჯება, განაგრძობს დემოკრატიულ დებატებს. დებატების შემყურე, ოცნების მომხრეებს ძალიან შერცხვებათ, მაგრამ ცოტა ხანი კიდევ დაიმშვიდებენ თავს იმით, რომ ადრე ასეთი პლურალიზმი არ არსებობდა.

როცა ბიძინა წავა, „ავადსახსენებელი კოაბიტაცია" სავარაუდოდ დასრულებული იქნება, თუმცა ეს არავისთვის აღმოჩნდება კარგი – ნაციონალებისთვის, რადგან ისინი დაუცველი დარჩებიან მათი განადგურების იდეაფიქსით შეპყრობილი და ძალაუფლების ყველა ბერკეტით აღჭურვილი ბრაზიანი ადამიანების წინაშე; და თავად ოცნებისთვის, ვინაიდან აღარ იარსებებს მთავრობის ქრონიკული იმპოტენციის ერთადერთი ფორმალური ახსნა-გამართლება.

როცა ბიძინა წავა, საქართველოში სამართლიანობა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება: იარსებებს თეორიული შანსი იმისა, რომ ცოდნამ ისევ აჯობოს უცოდინრობას, კომპეტენციამ – დილეტანტიზმს, წიგნმა – ყანწს, საღმა აზრმა – კონფორმიზმს... გამორიცხული არც ისაა, წითელი ინტელიგენცია „ინგლისურის და კომპიუტერის" მცოდნე ახალგაზრდებთან კონკურენციაში დამარცხდეს და თვითჩაირეცხოს.

როცა ბიძინა წავა, ერთიათად გაიზრდება პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და რუსულ-კრიმინალური რევანშის საფრთხე, რასაც მანამდე მისი პატივმოყვარეობა და მისივე უცხოეთში განთავსებული აქტივების დაკარგვის საფრთხე აფერხებდა. ამასთანავე, „სამოქალაქო საზოგადოება" შეიძლება თვალსა და ხელს შუა დავაჟკაცდეს – თუ შეეცდება, უსტატუსო ოლიგარქის მიერ ქვეყნის კონტროლი არ დაუშვას.

როცა ბიძინა წავა, ქართულ ოცნებას დაუდგება ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემა, რადგან ამომრჩეველმა ხმა და ნდობის მანდატი სწორედ ივანიშვილს მისცა, კოალიციის დანარჩენი წევრების რეიტინგი კი, დამოუკიდებლად, არასდროს ასცდენია ერთნიშნა ციფრს. ივანიშვილის წასვლის შემდეგ დადგება მისი ხათრით არჩეული ურეიტინგო პოლიტიკოსების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის საკითხი. ამდენად, ფორმალური სტატუსის მიუხედავად, ივანიშვილის წასვლის შემდეგ ის დარჩება პოლიტიკურად პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე – მათ შორის, ეკონომიკის შემდგომ აღმავლობაზე, კრიმინალის შემდგომ კლებაზე, რუსეთთან ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებაზე და ა.შ.

ბოროტი ენები ამბობენ, რომ ბიძინამ საკუთარი ძალაუფლების გასაათმაგებლად, გინდა გასაასმაგებლად, თავისდაუნებურად, ნიცშეს პრინციპი გამოიყენა: იპოვა და მიიმატა ნულიანები. ახლა, მისი წასვლით, ამ ციფრს თავში მდგომი ერთიანი აკლდება და მხოლოდ ნულები რჩებიან. ამათ შორის იქნება სავარაუდო პრეზიდენტიც, რომელიც თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს მთლიანად ერთ ადამიანს უნდა უმადლოდეს – რომელიც ვერასდროს ეტყვის ამ ადამიანს უარს – რომელიც არათუ დამოუკიდებელი ფიგურა არაა, არამედ საერთოდ არაა „ფიგურა". ცხადია, პრეზიდენტი შეეცდება, დაგვიმტკიცოს, რომ ძლიერია. სწორედ აქ უნდა ველოდოთ მთავარ საფრთხეს (თუ, რა თქმა უნდა, თავის შემცვლელად ბიძინამ ნინო არ დაგვიტოვა).

როგორ დარჩება ბიძინა-პოლიტიკოსი ისტორიას?

წინასწარ ვიტყვი, რომ სრულიად მოუმზადებელი ვარ, არგუმენტებით გავამყარო ჩემი ჰიპოთეზა, ვინაიდან ჯერ კიდევ ვიმყოფები ნაციონალების მიერ აჟიტირებული სიცრუის ტყვეობაში. ამიტომ, თუ ოდესმე მერგო პატივი ბიძინას სახლში ან იქვე, „50 მეტროში" მდებარე ბიზნესცენტრში ამ ნათქვამის გამო პასუხი მომეთხოვოს, აქვე ვაცხადებ, რომ მზად ვიქნები ჩემი სიტყვები უკან წავიღო. თუმცა, ამ ეტაპზე, ვიდრე ბიძინას გამოისობით ჯერ კიდევ თავისუფლად ვსუნთქავ, ჩემი ვარაუდი ასეთია:

ისტორიას ბიძინას სახელი შემორჩება, როგორც დიდი გაუგებრობა – როგორც ბედის ირონია განკაცებული სახით – როგორც ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი დასავლური დემოკრატიის წინააღმდეგ... სამაგიეროდ, ისტორიის ბეჯითი სტუდენტები მასზედ იტყვიან, რომ ეს იყო ადამიანი, რომელმაც უზომოდ უფრო დემოკრატიული გახადა ქართული ენა და ქართული აზრი.

როცა ბიძინა წავა, ოცნების ლიდერები (სავარაუდოდ, აზროვნებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე მათგანის გამოკლებით – თუმცა, ამ ბოლო დროს ვეღარაფერზე დადებ თავს) ჩამოსხდებიან მწუხრის სუფრაზე, რუსულ ბაზარზე გასატანად გამზადებულ და უკან მობრუნებულ ღვინის ბოთლებს გახსნიან და ივანიშვილის მარადისობასთან წილნაყარ პრესკონფერენციებთან ერთად, ლადო ასათიანის კოხტა სტრიქონებს გაიხსენებენ:

მზეს და სინათლეს გამოვექეცი,
მიწა ვიყავ და მიწად ვიქეცი.
ვიშვი, ვიცხოვრე – ვითამაშე რა
„მანვე დამშალა, ვინც ამაშენა".

კომენტარები