ეკონომიკური ზრდა

სააკაშვილი: ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება პროექტების შეჩერებამ გამოიწვია

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, ეკონომიკურმა ზრდამ 6% პრეზიდენტის მხრიდან მუდმივად ხელისშეშლის გამო ვერ შეადგინა. სააკაშვილი ხადურის სიტყვებს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის შეჩერება თავად მთავრობის შეცდომებმა განაპირობა.

"აქამდე მე ვიჯექი ამ სასახლეში და არანაირი ძალაუფლება არ მქონდა. ახლა ამ სასახლეშიც აღარ ვიქნები და ეტყობა ჩემი სული შეუშლით ხელს ეკონომიკის ზრდაში. რეალობა არის იმაში, რომ მე მინდა ეკონომიკა გაიზარდოს. საბოლოო ჯამში ჩვენ ზრდის ტემპს დავუბრუნდებით, მაგრამ წელს ჩვენ 11%-იანი ზრდა გვქონდა დაგეგმილი. ამისთვის ყველა წინაპირობა იყო. თბილისის შემოვლითი გზის პროექტი პრაქტიკულად დასრულებულია და არ უნდა შევაჩეროთ. არ უნდა შევაჩეროთ ლაზიკის პორტი, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ უნდა შეგვეჩერებინა. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ეკონომიკური ზრდა არ შეჩერდებოდა. ამას დაემატა ის, რომ ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს, რეპუტაციას სამწუხაროდ პრობლემები შეექმნა. მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს პრობლემები დროებითია. იმედია მთავრობა თავის შეცდომებზე ისწავლის და გამოასწორებს ამას. მე ამაში მათ მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები