არჩევნები 2013

სამართლიანი არჩევნები: საარჩევნო კომისიებში შევიტანეთ 6 საჩივარი

ამ დროისათვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 6 საჩივარი. როგორც ორგანიზაცია იტყობინება, დამკვირვებლება დედოფლისწაროს #23 და კასპის #11 და #36 უბნებზე აღრიცხეს არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტი. გამოვლინდა ასევე მასალების არასათანადოდ წარმოების 2 შემთხვევა - ბათუმში #6 და საბურთალოს #76 საარჩევნო უბნებზე. ორი საარჩევნო უბანი - რუსთავის #72 და გორის #24 - პროცედურული დარღვევებით გაიხსნა, ხოლო კიდევ ორ უბანზე - ქუთაისის #65 და ისნის #5 - საკონტროლო ფურცლენის არასათანადოდ შეავსეს.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი გაუმჯობესებულია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. ორგანიზაციის ინფორმაციით, ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს (100%) მიეცა უბანზე შესვლისა და დაკვირვების განხორციელების საშუალება. ორგანიზაციის შეფასებით, ეს პროგრესია წინა არჩევნებთან მიმართებაში, როცა უბანზე დაუშვეს სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების 98%. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ პირველი ამომრჩევლის მისაღებად 8 საათისთვის მზად იყო საარჩევნო უბნების 96%, ხოლო 2012 წელს - უბნების 91%.

"ამასთან, რადგან წარსულში არსებობდა კითხვები გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებით, სამართლიანი არჩევნები მიესალმება იმ ფაქტს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 16 ადამიანს. 2012 წელს აღნიშნული მონაცემი იყო 21 ამომრჩეველი. ჩვენი დაკვირვებით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში დარეგისტრირებული ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობა არის დაახლოებით 200 ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია (300 ადამიანი)", - აღნიშნავს ორგანიზაცია.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამართლიანი არჩევნების სადამკვირვებლო მისია 1200 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორისაა ასევე 73 მობილური ჯგუფი.

სამართლიანი არჩევნები არჩევნების დღეს აკვირდება საერთაშორისოდ აღიარებული, სტატისტიკურად მყარი ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით, რომელიც საშუალებას გვაძლევს საარჩევნო უბნებზე უშუალოდ დაკვირვების გზით სწრაფად აღმოვაჩინოთ დარღვევები, შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესის მიმდინარეობა და შედეგების სიზუსტე.

სამართლიან არჩევნებს გააჩნია არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება 1995 წლიდან. 2003 წლიდან კი ორგანიზაციას განხორციელებული აქვს ყველა სადამკვირვებლო მისია ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის საფუძველზე. 

კომენტარები