ეკონომიკური მიღწევები

მთავრობის ეკონომიკური მიღწევები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ

ერთი წელი არის მინიმალური დრო, ერთი საანგარიშო პერიოდი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია საუბარი იმ წინასწარ პროგნოზებსა და ეკონომიკურ ტენდენციებზე, რომელსაც ადგილი ექნება მთელი საპარლამენტო ციკლის განმავლობაში. ეს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ქცევა ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებით არ შეიცვლება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკური მიღწევების ანალიზი გვეხმარება იმის დადგენაში, თუ რა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და გამოწვევების წინაშე დადგება ქვეყანა ოთხი წლის შემდეგ.

გრძელვადიანი პროგნოზების კეთება ძალიან რთული და რისკიანია, რადგან სინამდვილეში არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. იმისთვის, რომ პროგნოზი იყოს ზუსტი, მხედველობაში უნდა მივიღოთ ყველა ის ცვლადი, რომელიც კონკრეტული ეკონომიკური შედეგების ფორმირებაზე მოქმედებს. არასრულყოფილი ინფორმაციისა და რაციონალური შეზღუდულობის პირობებში, ყველა მოქმედი ფაქტორის გამოვლენა და მომავალში მათ შორის დამოკიდებულებებისა თუ კორელაციის დადგენა, დიდი ალბათობით, შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენი მსჯელობა ეფუძნება შემდეგ დაშვებებს:

  • ეკონომიკის მდგრადი ფუნქციონირების განმსაზღვრელი ძირითადი ცვლადების მიმოხილვა ეყრდნობა წარსულ ინფორმაციას. კერძოდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს;
  • მომავალში ძირითადი ცვლადების სტრუქტურა და შინაარსი იმოძრავებს იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც მოძრაობს ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თუ სახელმწიფოს ქცევა ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ იგივე დარჩება. ასევე, იმ დაშვებით, რომ ცვლადებზე მოქმედი შიდა (მაგ. მთავრობის ინტელექტუალური პოტენციალი) და გარე ფაქტორები (მაგ. ომი, ან ევროკავშირში გაწევრიანება) არ შეიცვლება ისე მკვეთრად, რომ ამან პოზიტიური ან უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ცვლადების სტრუქტურისა და შინაარსის მოძრაობის მიმართულებებზე.
  • იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური შედეგები არის გაუარესებული, მოსალოდნელია, რომ მომავალში კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან როდესაც სისტემის ელემენტი არ ფუნქციონირებს გამართულად, სისტემა უფრო სწრაფად გამოდის მწყობრიდან.

ასეთი დაშვება ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამარჯვებული პოლიტიკური პარტია მოულოდნელად შეცვლის გაცხადებულ ფუნდამენტურ ეკონომიკურ ორიენტირებს. სახელდობრ: კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული ეკონომიკა ბაზრის „ჩავარდნების" კორექტირებით (რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკა) ერთი მხრივ და სოციალური სამართლიანობა (უთანაბრობის აღმოფხვრა, საყოველთაო ჯანდაცვა, უფასო განათლება და ა.შ.) მეორე მხრივ. ამდენად, სახელმწიფოს ნებისმიერი ინიციატივა, ცვლილება (მაგ. ცვლილებები საგადასახადო კოდექსში), დადგენილება თუ ახალი კანონი მიმართული იქნება ძირითადი შეხედულებების განმტკიცებაზე.

ასევე, ძნელი წარმოსადგენია, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მოულოდნელად, საქართველოში გამოჩნდება ათასობით „სტივ ჯობსი", რომელიც სასწაულებს მოახდენს საერთაშორისო ბაზარზე. ბევრი დამეთანხმება, რომ აღნიშნული ფაქტორები დიდი ალბათობით არ შეიცვლება. ამ შემთხვევაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული ეკონომიკური შედეგები წარმოადგენს საპარლამენტო ციკლის პერიოდში მიღწეული საერთო შედეგის შემადგენელს, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაუარესდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის შედეგი, ჯამში, უარყოფითია.

ეკონომიკური მიღწევების დადგენის მარტივ გზას წარმოადგენს ძირითადი ცვლადების მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები, რომელთა შედარებაც შესაძლებელია წარსულში ანალოგიურ მაჩვენებლებთან. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთი შედეგი შეიძლება განპირობებული იყოს არა სახელმწიფოს მიმდინარე ქცევით, არამედ ადრეულ წარსულში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს შესაბამისი კორელაცია შედეგებს, შედეგის გამომწვევ მიზეზებსა და დროის ფაქტორს შორის, თუ როდის განხორციელდა შესაბამისი ქმედება.

ზოგიერთ შედეგს განაპირობებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მთელი სერია, რომელიც უკავშირდება როგორც წინა, ისე ამჟამინდელ ხელისუფლებას. ამდენად, იმისთვის, რომ შევაფასოთ ამჟამინდელი ხელისუფლების ეკონომიკური მიღწევები ერთი წლის შემდეგ, შედეგებიდან უნდა გამოვრიცხოთ ის პოზიტიური და უარყოფითი მიღწევები, რომელიც შეიძლება წინა ხელისუფლებას უკავშირდებოდეს.

მიმდინარე სიტუაციის ანალიზი: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზარზე შეიმჩნევა ერთობლივი მოთხოვნის შემცირება, რაც ძირითადად გამოიხატება სამომხმარებლო ხარჯების კლებაში საქონლისა და მომსახურების ბაზარზე.

რიტიკულია მდგომარეობა ინვესტიციების კუთხით. პირველ რიგში, ვგულისხმობთ არა მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებს, არამედ საბანკო სესხებს და მოსახლეობის დანაზოგებს, რომელიც ასევე ხასიათდება კლების ტენდენციით. მსჯელობას ასაბუთებს ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელიც. ადგილი აქვს დეფლაციას, ანუ ფასების დონის საერთო კლებას. საცალო გაყიდვების კლება დაეტყო ბიზნესსაც. შემცირდა ბიზნესგარიგებების რაოდენობა და ღირებულება ბაზარზე. მოკლედ რომ ვთქვათ, საერთო შედეგი გაუარესებულია.

ეკონომიკური შედეგების უკეთ წარმოსაჩენად, მიზანშეწონილია, რომ გამარჯვებული კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამის დაპირებები და ძირითადი ინდიკატორები შეედაროს შესაბამის ფაქტიურ მაჩვენებლებს.

პროგრამის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას, უმუშევრობის შემცირებას, სიღარიბის დაძლევას და სოციალური ფონის გაუმჯობესებას, ასევე მრავალრიცხოვანი და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას. ერთი წლის შემდეგ, მცირე და საშუალო ბიზნესი შემცირებულია, ეკონომიკა უფრო ღრმა კრიზისშია, უმუშევრობა გაზრდილია და სოციალური ფონი გაუარესებული, ხოლო საშუალო ფენის ჩამოყალიბებაზე მსჯელობა ღიმილის მომგვრელი გახლავთ.

პროგრამის მიხედვით, ბაზარი გათავისუფლდება ხელოვნური მონოპოლიებისგან, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალ მეწარმეობას და ითვისებენ შინამეურნეობების შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს პირველადი მოხმარების საქონელსა და მომსახურებაზე არარეალურად მაღალი ფასების დაწესებით. ზოგადად, პირველადი მოხმარების ეწოდება ყოველდღიური მოხმარების საქონელს, რომელიც დაბალფასიანი, ერთგვაროვანი და ნაკლებად დიფერენცირებულია. მაგალითად, რძის პროდუქტები, პურპროდუქტები, სარეცხი საშუალებები და სხვა. ამ ბაზარზე ძირითადად უამრავი ფირმაა წარმოდგენილი და არანაირ მონოპოლიებს ადგილი არ აქვს.

ცალკე მსჯელობის საგანია ბაზრის გარკვეული სეგმენტები, როგორიცაა ნავთობპროდუქტების და ფარმაცევტული პრეპარატების საბითუმო და საცალო მიწოდება, სადაც ფირმების რაოდენობა შედარებით მცირეა და შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ე.წ. ოლიგოპოლიას და არა მონოპოლიას. ფასები ამ ბაზარზე ამჟამინდელი მთავრობის დროსაც არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო პოლიტიკური ინტერესი ამ ბიზნესების უკან აღარ დგას. ამდენად, ხელოვნური მონოპოლიებიც არ იკვეთება. თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, პრობლემა პრობლემად რჩება. ანალოგიურად, ბუნებრივ მონოპოლიებში (ელექტროენერგია, გაზი) ტარიფის ცვლილება მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რაც გავლენას შინამეურნეობების შემოსავლებზე ვერ მოახდენს.

პროგრამის მიხედვით, სახელმწიფომ ხელსაყრელი გარემო უნდა შექმნას როგორც შიდა, ისე უცხოური ინვესტიციებისთვის, უნდა იზრდებოდეს დანაზოგები და რეინვესტირება. მთავრობის პოლიტიკა, მოხმარებაზე ორიენტირებული ეკონომიკის ნაცვლად, მიმართული იქნება დანაზოგებისა და კაპიტალიზაციის ზრდაზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე, რამაც გრძელვადიანი მდგრადი განვითარების განმსაზღვრელი როლი უნდა შეასრულოს – სამართლებრივი კუთხით, ამ სფეროში არაფერი შეცვლილა. კანონმდებლობა იმდენად ლიბერალურია, რომ ამაზე უკეთეს სამართლებრივ გარემოს ვერ შექმნი. თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საინვესტიციო გარემო მკვეთრად გაუარესდა. შემცირდა არა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, არამედ დანაზოგებიც. მათ შორის, როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი დანაზოგიც.

პროგრამის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ და დაფინანსებულ ბაზისურ სარგებლის კალათაში შევა ის მომსახურებები, რომლებიც ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით სრულად დაფინანსდება: ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის/სოფლის ექიმი და სპეციალისტები); მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევები (სკრინინგი) და იმუნიზაცია (აცრა); სასწრაფო სამედიცინო დახმარება; ჰოსპიტალური მომსახურება (მათ შორის, გულის სისხლძარღვთა სტენტირება, შუნტირება); ორსულთა მოვლა და მშობიარობა; უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა (მათ შორის, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია); გადაუდებელი სტომატოლოგია; მედიკამენტები – პირველადი მოხმარების (ესენციური) მედიკამენტები 50%-იანი ფასდაკლებით.

და მაინც, ჯანდაცვის მომსახურების სფერო ბოლო ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა. სადაზღვევო კომპანიების დიდი ნაწილი გაურკვეველ მდგომარეობაშია, რადგან მათი ბიზნესის შემადგენელ საქმიანობათა დიდი ნაწილის განხორციელებას სახელმწიფო გეგმავს. ამ ეტაპზე, სახელმწიფო, მომსახურებათა ზემოაღნიშნულ ჩამონათვალს ჯერჯერობით ვერ სთავაზობს (და ვერც მომავალში შესთავაზებს). ჯანდაცვის ბიზნესი ძალზე რთულად და ნელა ვითარდება. ამის მიზეზია ჯანდაცვის მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა, რასაც განაპირობებს საზოგადოების დაბალი შემოსავლები. დაბალი ხარისხის მომსახურებაში ბრალი მიუძღვით არა მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებს, არამედ სამედიცინო კლინიკებს, ექიმების და მედიკოსების პროფესიონალიზმის დაბალ დონეს და სხვა. თუმცა, ის, რაც დღემდე შექმნილია თავისუფალი ბაზრის დამსახურებით, მთლიანად დანგრევის წინაშე დგას, რადგან სახელმწიფო აპირებს საზოგადოებისთვის „უფასოდ" სწორედ იმის შეთავაზებას, რასაც კერძო კომპანიები სთავაზობენ გარკვეულ საფასურად. შედეგად, ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაუარესებულია.

პროგრამის მიხედვით, ხელისუფლება ინვესტორებს გაათავისუფლებს თავისი ზეგავლენისგან და შეუქმნის მათ საკუთრების დაცვის მყარ გარანტიებს – ერთი წლის შემდეგ საინვესტიციო გარემო გაუარესებულია.

პროგრამის მიხედვით, ხელისუფლება სტიმულს მისცემს დივერსიფიცირებულ ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის ზრდას, ასეთი საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და გააუმჯობესებს საგარეო სავაჭრო ბალანსის სტრუქტურას – ბოლო ერთი წლის განმავლობაში ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურა არ შეცვლილა და არც სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა.

ეს მხოლოდ მცირედი ამონარიდია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამიდან და კიდევ მრავალი მაგალითის დასახელება შეიძლება. მაგალითებში შევეცადეთ, აქცენტი გაგვეკეთებინა იმ ცვლადებზე, რომელთა ფუნქციონირების საფუძველზე შესაძლებელია მატერიალური, ხილვადი ეკონომიკური მიღწევების დადგენა (მაგ. შრომის კოდექსით წარმოქმნილი უარყოფითი შედეგების გაზომვა თითქმის შეუძლებელია). ცხადია, რომ ბევრი ცვლადის მიხედვით, ერთი წლის ეკონომიკური მიღწევები უფრო მეტად შორდება დაპირებებს, ვიდრე უახლოვდება. მაშასადამე, თუ ზემოთ გამოყენებულ დაშვებებს გავითვალისწინებთ, სამი წლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური სურათი კიდევ უფრო კრიტიკული იქნება. რა არის ყოველივე ამის მიზეზი?

ამ კითხვაზე 3 სავარაუდო პასუხი შეიძლება მოიძებნოს:

  1.  ხელისუფლების ეკონომიკური ორიენტირები სწორია, მაგრამ შერჩეული სტრატეგია და პოლიტიკაა მცდარი, რის გამოც ის ორიენტირებს სცდება.
  2.  ხელისუფლების ეკონომიკური ორიენტირები და სტრატეგია სწორია, მაგრამ წინა ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ შედეგები მძიმეა, თუმცა, ამჟამინდელი ხელისუფლების სწორი მიდგომა ჯერჯერობით ვერ ახერხებს უარყოფითი შედეგების გადაფარვას.
  3. ხელისუფლების ეკონომიკური ორიენტირები მცდარია.

განვიხილოთ თითოეული მათგანი და დედუქციის მეთოდის გამოყენებით დავადგინოთ, თუ რომელი მათგანი შეესაბამება უფრო მეტად სწორ პასუხს:

ხელისუფლების ეკონომიკური ორიენტირები სწორია, მაგრამ შერჩეული სტრატეგია და პოლიტიკა მცდარი, რის გამოც ის ორიენტირებს სცდება – მიზნებს, ქვემიზნებს, ამოცანებსა და საქმიანობებს შორის ლოგიკური კავშირების დადგენა სტრატეგიული დაგეგმვის სფეროს განეკუთვნება, ხოლო ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს სტრატეგიული გეგმების შეფასება. თუმცა, მარტივად შეიძლება იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები ეკონომიკურ ორიენტირებს. კერძოდ:

  • შრომის კოდექსი, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და პერსპექტივაში ანტიმონოპოლიური სამსახური, სასურსათო უსაფრთხოება და ა.შ., სწორედ რომ რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკის ორიენტირს შეესაბამება.
  • საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, უფასო განათლება, უფასო სახელმძღვანელოები, დაუბეგრავი მინიმუმის ცნება და სხვა, შემოსავლების უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაზე მიანიშნებს.

ამდენად, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საარჩევნო პროგრამით დეკლარირებული ეკონომიკური ორიენტირების ადეკვატურია.

ხელისუფლების ეკონომიკური ორიენტირები და სტრატეგია სწორია, მაგრამ წინა ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ მისი შედეგები მძიმეაა, თუმცა, ამჟამინდელი ხელისუფლების სწორი მიდგომა ჯერჯერობით ვერ ახერხებს უარყოფითი შედეგების გადაფარვას – ბუნებრივია, შეცდომებს წინა ხელისუფლებაც უშვებდა. პრობლემები იყო კერძო საკუთრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსი მკაცრია და, ფაქტობრივად, ჯარიმები და საურავები ძალზე მძიმე ტვირთად აწევს ბიზნესს; საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული დავები ბიზნესის სასარგებლოდ თითქმის არასდროს წყდებოდა და სხვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალი იყო, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლები სტაბილურად იზრდებოდა.

ზემოაღნიშნულ პრობლემებზე ინტენსიური საუბარი მიმდინარეობს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, ინვესტიციების ზრდის ტემპი იყო გამოკვეთილი. მათ შორის, აღსანიშნავია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლის ხვედრითი წილი მთლიან საინვესტიციო სტრუქტურაში საგრძნობლად მაღალი იყო. სტაბილურად იზრდებოდა კერძო დანაზოგების რაოდენობაც.

ამომხმარებლო ხარჯების სტრუქტურაში მატულობდა ისეთი ტიპის პროდუქტების შესყიდვის მაჩვენებლები, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ბინათმშენებლობა, ავტომობილი და სხვა. ამდენად, ნაკლებად სარწმუნოა, რომ კერძო საკუთრების შელახვისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებმა 2013 წელს მოახდინეს გავლენა ეკონომიკის განვითარების მაჩვენებელზე, მით უფრო, როდესაც ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ დღეს ასეთი პრობლემა აღარ არსებობს.

საინვესტიციო სურათი, გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა. წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დაუძლევლობის ლოგიკა შესაძლებელია მართებული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკა თანდათანობით დაიწყებდა უკუსვლას. თუმცა, არსებული სიმპტომების მიხედვით, მყისიერი ვარდნა მშპ-ში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2012 წლის დეკემბრის თვეში, მიანიშნებდა იმაზე, რომ ინვესტორების დიდი არმია აღარ აპირებდა საქართველოს ეკონომიკაში ფულის ჩადებას.

სინამდვილეში, ინვესტიციების სიმწირე გამოწვეულია იმით, რომ დეკლარირებული თავისუფალი ბაზრის პრინციპიდან გადავდივართ რეგულირებად საბაზრო პრინციპზე, რომელსაც ემატება სოციალური გათანაბრების პოლიტიკის ელემენტები. რეგულირება, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალი ბაზრის განვითარებაზე, ზღუდავს თავისუფალ ბაზარს, ხოლო სამართლიანობა ეწინააღმდეგება ეფექტიანობას (მაგალითად, დასაქმებულთა უფლებებზე განსაკუთრებული ყურადღების გადატანა ეწინააღმდეგება კვალიფიციური ადამიანების დასაქმებას).

ეკონომიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, სახელმწიფო უფრო დემოკრატიულია თუ არადემოკრატიული, არამედ ის, თუ რამდენად მაღალია ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი, რამდენად ენდობა ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება „უხილავი ხელის" ძალას, რომელიც მართავს შეზღუდული რესურსების გადანაწილების პროცესს საზოგადოებაში. ჩვენ ყველას გვინდა ჯანდაცვა და განათლება უფასოდ, მაგრამ ის ყოველთვის უხარისხო იქნება მანამ, სანამ მასზე არ იარსებებს შესაბამისი მოთხოვნა (და არა მხოლოდ მოთხოვნილება). ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ბევრი თანამოქალაქის ცხოვრების დონე აღწევს იმ მაჩვენებელს, რომ სხვა შედარებით ღარიბ ადამიანებს უფასოდ შეუძლიათ შეზღუდული რაოდენობის მომსახურებით სარგებლობა. თუმცა, იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი სარგებლობს უფასო მომსახურებით სხვის ხარჯზე, უხილავი ხელის ძალა მცირდება და ვდგებით რესურსების არაეფექტიანი გადანაწილების პრობლემის წინაშე, რაც ეწინააღმდეგება ეკონომიკის განვითარებას და ცხოვრების დონის ამაღლებას.

ამრიგად, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლების ეკონომიკური ორიენტირები შეიცვალა. ამან მყისიერი ზეგავლენა მოახდინა საინვესტიციო გარემოზე, რამაც ინვესტორთა ქცევა შეცვალა და შედეგად მივიღეთ ის, რაც გვაქვს – რეგულირებადი და სოციალურად ორიენტირებული საბაზრო სისტემა, რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, ყოველწლიურად, საშუალოდ, 3%-ით გაიზრდება, რაც საქართველოს რეალობაში პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს.

კომენტარები