ივანიშვილი ეკონომიკაზე

ივანიშვილი: მე დავარქმევდი არა ვარდნას, არამედ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2.5%-მდე შემცირდა. ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე მეორედ შეამცირა. 2013 წლის დასაწყისში 6%, ხოლო ივნისში 4% იყო. ივანიშვილის თქმით, ის, რაც დღეს ეკონომიკაში ხდება არის არა ვარდნის, არამედ გაჯანსაღების პროცესი.

” მე არ დავარქმევდი ვარდნას, მე დავარქმევდი ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს. პროცესი გადალაგების და გადაწყობის არ მიდის მარტივად. თქვენ იცით, რომ ბიზნესი ტოტალურად იმართებოდა, ბიზნესი ჰყავდათ საშინელ დღეში, ერთი კაცი კარნახობდა, ვის რა უნდა გაეკეთებინა და როდის. გადაღლილი და გამოფიტული იყო ბიზნესგარემო. ზრდა ძირითადად მიღწეული იყო იმ კრედიტებით, რომელსაც სახელმწიფო იზიდავდა და ახერხებდა ისეთ მშენებლობებს, როგორიც არის ქუთაისში პარლამენტის შენობა, რომელიც დიდ პრობლემას წარმოადგენს ახალი მთავრობისთვის, არ ვიცით რაში და როგორ გამოვიყენოთ. მსგავსი ბევრი გაუგებარი მშენებლობები იყო, რომელსაც ბიზნესმენებს ავალებდნენ. დავალიანებითაც აშენებდა ბევრი ბიზნესმენი. მაგალითად, ბოლო იყო ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც აიკვიატა პრეზიდენტმა, რომ ეს არის საუკეთესო შენობა. აბსოლუტურად გამოუყენებადია ეს უნივერსიტეტისთვის. ეს იდეა იყო ჩემი, მე ვაკეთებდი, პროექტში მაქვს გადახდილი ძალიან ბევრი ფული. როდესაც პოლიტიკაში წავედი, მან სასწრაფოდ მოისურვა გაეკეთებინა”,- თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ ეკონომიკა ინერტულია და დრო სჭირდება. ის რამდენიმე თვეში ვერ აღორძინდება.“რაც შეეხება კრიზისს, ის დაწყებული იყო წინა წლის ივლისში და თუ ჩვენ არ მოვიდოდით, ეკონომიკური კოლაფსი მოხდებოდა. ახლა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი მიდის. ნურავინ ნუ შფოთავს, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ევროპული ტიპის ეკონომიკას და მას სჭირდებდა დრო”,-განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სავალუტო ფონდის მაჩვენებელს უმუშევრობის ზრდის შესახებ, პრემიერის თქმით, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის თქმის, რომ უმუშევრობა გაიზარდა. “პირიქით, სამუშაო ადგილები გაიზარდა, მაგრამ უმნიშვნელოდ”, -თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები