მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ უნდა ასახულიყო ადგილობრივ თვითმმართველობებზე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თვითმმართველობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება(ISFED), რომელმაც დღეს, 17 სექტემბერს, თვითმმართველობებში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.
სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან 2013 წლის 3 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით გამგებელი 55 მუნიციპალიტეტში შეიცვალა, მათ შორის, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში - არაერთგზის. გამგებლებიდან პირადი განცხადების საფუძველზე პოსტი 54 მათგანმა დატოვა, ხოლო ოთხი საკრებულომ გადააყენა. ბოლო პერიოდში ცვლილებების განმეორებითი ტალღა დაიწყო და გამგებლების შესარჩევად კონკურსებიც გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ გამგებლები ძირითადად პირადი განცხადებით გათავისუფლდნენ, ხშირ შემთხვევაში მათ გადადგომას წინ უძღოდა მოსახლეობის საპროტესტო აქციები. რიგ შემთხვევებში მიზეზად მათ ზეწოლა დაასახელეს, ან საკუთარი გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებით ახსნეს. სამართლიანი არჩევნები აღნიშნავს, რომ ზოგ მუნიციპალიტეტში, მაგალითად, გარდაბანი, ახალციხე, გურჯაანი, თელავი, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი რამდენჯერმე შეიცვალა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში კი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი საკრებულომ კონკურსის გარეშე დანიშნა გამგებლად, თუმცა რამდენიმე თვეში იგი თავად გადადგა.
სამართლიანი არჩევნების კვლევის მიხედვით, ამავე პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარე შეიცვალა 31 მუნიციპალიტეტში. 26-მა საკრებულოს თავმჯდომარემ საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა პოსტი, ხოლო ექვსი მათგანი საკრებულოს გადაწყვეტილებით იქნა გადაყენებული. აღსანიშნავია ის, რომ სენაკში საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება ორჯერ განხორციელდა. საკრებულოს თავმჯდომარე დეკემბერში საკუთარი სურვილით გადადგა, ხოლო ახლადდანიშნულ თავმჯდომარეს 6 თვის შემდგომ საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა.
სამართლიანი არჩევნების შეფასებით, თავდაპირველად მუნიციპალიტეტებში გამგებლების ცვლილების პროცესი დაიწყო, შემდეგ კი აქცენტი საკრებულოს თავმჯდომარეებზე, თანამშრომლების ცვლილებებსა და ფრაქციებში ძალთა გადანაწილებაზე გადავიდა, თუმცა რიგ მუნიციპალიტეტებში გამგებლების ცვლილების ხელახალი ტალღა დაიწყო და კონკურსები გამოცხადდა.
სამართლიანი არჩევნები აღნიშნავს, რომ 3 აგვისტოს შემდგომ, ანგარიშის გამოქვეყნებამდე გამგებელი კიდევ 13 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს თავმჯდომარე სამ მუნიციპალიტეტში, ხოლო მერი ორ ქალაქში შეიცვალა.
სამართლიანი არჩევნები არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენების მონიტორინგს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ინფორმაციის ძირითად წყაროს ორგანიზაციის 73 რაიონული და 5 რეგიონული კოორდინატორი წარმოადგენს, რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საქმიანობენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, კოორდინატორები, თავის მხრივ, ინფორმაციას თვითმმართველობიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის, მხარეებთან გასაუბრებისა და პროცესებზე უშუალო დაკვირვების გზით მოიპოვებენ. დამატებით, სამართლიანი არჩევნები ეყრდნობა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების თაობაზე, რომელთა გადამოწმებაც ადგილობრივ დონეზე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ხდება.
სამართლიანი არჩევნების მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში ასევე საუბარია თვითმმართველობების მმართველ ორგანოებში რიგითი თანამშრომლების ცვლილებასა და თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე.





