საქართველოს მოქალაქეობა

თეა წულუკიანი: სააკაშვილი უგულვებელყოფს სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, თურქეთის 936 მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, არასასურველს უწოდებს. წულუკიანის განცხადებით, ამ სიაში მოხვდნენ ადამიანები, ვინც "თვალსაწიერზე საერთოდ არ გამოჩენილან".

"არის ერთი ქალბატონი - მეჰიდა ივლიტი, რომელსაც უკვე მივანიჭეთ მოქალაქეობა და სააკაშვილმა მას მოქალაქეობა მეორედ მიანიჭა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ პრეზიდენტი ჩვეულ სტილში აგრძელებს მუშაობას. ის უგულვებელყოფს სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებს და საკუთარი ადმინისტრაციის გარდა, კონსულტაციებს არავისთან არ გადის ისეთ სასიცოცხლო და მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის მოქალაქეობა. სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სამინისტროსა და შს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების გვერდის ავლით მოქალაქეობის საკითხის გადაჭრა არასასურველია და მე პირადად პრეზიდენტს ამას ვერ მოვუწონებ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბერს თურქეთის 936 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობა იმ ადამიანებმა მიიღეს, "ვინც ქართული იცის და ქართველობა დღემდე შეინარჩუნა".

კომენტარები