ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცესკო: მზად ვართ, ვითანამშრომლოთ უწყებათაშორის კომისიასთან

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით,  ცესკოს გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხის განხილვა მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, ცესკო მზად არის, ითანამშრომლოს უწყებათაშორის კომისიასთან კანონით განსაზღვრულ საკითხებზე და განიხილოს მის მიერ გაცემული კანონის შესაბამისი რეკომენდაციები.

"როგორც ცნობილია, დღეს იმართება უწყებათაშორისი კომისიის რიგგარეშე სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის საკითხსაც. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისგან. ცესკოს გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხის განხილვა მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. საქართველოს ორგანული კანონის - საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია იქმნება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით. ცესკო გამოხატავს მზადყოფნას ითანამშრომლოს უწყებათაშორის კომისიასთან კანონით განსაზღვრულ საკითხებზე და განიხილოს მის მიერ ცესკოსადმი გამოცემული კანონის შესაბამისი რეკომენდაციები", - ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 17:00-ზე, უწყებათაშორისი კომისია პარტია საქართველოს გზის თხოვნის საფუძველზე რიგგარეშე სხდომას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ორმაგი მოქალაქეობის გამო უთხრა. ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ორივე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კომენტარები