პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროცესებთან კავშირი არ აქვს, თუმცა განვითარებული მოვლენები დემოკრატიული პროცესის ნაწილად შეაფასა.
მისივე განმარტებით, ირაკლი შიხიაშვილს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ქართული ოცნება არ ირჩევს.
"ირაკლი შიხიაშვილი ძალიან აქტიურია, იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და მან ეს თვითონ მოახერხა. ნორმალური პროცესი მიმდინარეობს, პარლამენტშიც მოხდა ფრაქციების გამოყოფა და დაფიქსირება. აქაც რაღაც პროცესები მიდის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამასთან. პროცესები მიმდინარეობს ბუნებრივად და უნდა განვითარდეს კიდეც. ეს არის დემოკრატიული პროცესები და ასეც უნდა იყოს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 13 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე გადააყენეს. გადაყენებულია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მამუკა ახვლედიანიც. ნაციონალური მოძრაობის წევრები სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ. 26 ივლისს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხსაც დააყენებენ.
საკრებულოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. საკრებულოს თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილის, მამუკა ახვლედიანის განცხადებით, დღევანდელი სხდომა კანონის დარღვევით ჩატარდა და დღეს მიღებული გადაწყვეტილებები თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდება.
ახვლედიანი ასევე აცხადებს, რომ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მხარს არ დაუჭერს ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე.
"ჩვენი ფრაქცია ამ სხდომის შედეგებს არ ცნობს. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში იქნება გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას ჩვენი ფრაქცია კატეგორიულად არ დაუჭერს მხარს. ამ თემასთან დაკავშირებით კოალიცია ქართულ ოცნებაშიც გახლავთ შეუთანხმებლობა, ნაწილი არ უჭერს მხარს მის კანდიდატურას და, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაჩქარებული მეთოდებით უნდათ გადაწყვეტილების მიღება. როგორც ვიცით, საქმის კურსში არც პრემიერმინისტრი არ არის", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.





