თავდაცვა

ივანიშვილი: შეიარაღებულ ძალებს თავდაცვაში გადამწყვეტი ფუნქცია არ აქვს

Georgian opposition leader Ivanishvili gestures during a news conference in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ თავდაცვის სფეროში აშშ-სთან თანამშრომლობა გრძელდება. თუმცა, ბიძინა ივანიშვილს განცხადებით, ქვეყანას შეიარაღების შესყიდვა ამ ეტაპზე არ სჭირდება, ხოლო შეიარაღებულ ძალებს, მისი აზრით, ქვეყნის უსაფრთხოებაში გადამწყვეტი როლი არ ენიჭება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე პასუხი გასცა შეკითხვას იმის შესახებ, გრძელდება თუ არა აშშ-სთან ერთობლივი პროექტები თავდაცვის სფეროში, რაც წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა. ასევე - განიხილავდა თუ არა ისრაელში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერმინისტრი ამ ქვეყნისგან შეიარაღების შესყიდვის საკითხს.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების მიერ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ნოემბრის თვიდან აშშ-ს საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებები უნდა მოეწოდებინა, თუმცა, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს გეგმა ჩაიშალა.

„ჩემი აზრით, სწორი დიპლომატია და სწორი ქცევებია პირველი თავდაცვა. რასაკვირველია, ჯარს თავისი ფუნქციები აქვს თავდაცვაში, მაგრამ არ არის გადამწყვეტი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ამას „ბოლო პერიოდის მოვლენებიც“ ადასტურებს.

ივანიშვილის განცხადებით, „არცერთი პროექტი არ ჩაშლილა ამერიკასთან, არაფერი გაუარესებულა და ყველაფერი გრძელდება, რაც იყო დაგეგმილი. შემდგომში უფრო გააქტიურდება და გაღრმავდება“.   

ამავე დროს, მისი თქმით, „რაც შეეხება იარაღის შესყიდვას, ჩვენ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ გვაქვს. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები ისრაელთან, კონფიდენციალური ნაწილიც, მაგრამ ჩვენ იქ იარაღის შესაძენად არ ჩავსულვართ. ჩვენ ამას არ ვსაჭიროებთ, ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგში გვაქვს“.

შეგახსენებთ, გასული წლის ივნისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს დახმარებას გაუწევს საზღვაო და საჰაერო სივრცის გაკონტროლებაში, სამხედრო ვერტმფრენების მოდერნიზაციაში და ასევე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ოფიცრებისა და პირადი შემადგენლობის გაწვრთნაში.

როგორც გასული წლის ოქტომბერში ტაბულასთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, აშშ-სა და საქართველოს შორის წინა ხელისუფლების მიერ განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებები სწორია და „ეს ისაა, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას სჭირდება“. ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის არეალი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. 

კომენტარები