ყოფილი პოლიციელები პროკურატურას თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით მათზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

geonews.ge

თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ჭაია და შსს-დან გათავისუფლებული 15 პოლიციელი მთავარი პროკურატურას მათზე ზეწოლაში ადანაშაულებს. საქმე ეხება თამაზ თამაზაშვილის დაკავებას. როგორც ზაზა ჭაიამ ყოფილ პოლიციელებთან ერთად პროკურატურასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროკურატურამ მათ გუშინ 24-საათიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ თამაზ თამაზაშვილის პოლიტიკური მოტივით დაკავება აღიარონ.

როგორც ზაზა ჭაია ყვება, დაახლოებით 6-7 თვის წინ პოლიტიკური ნიშნით შსს-დან გაათავისუფლეს 15 თანამშრომელი, რომელთაც აიძულეს, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები საკუთარი სურვილის საფუძველზე დაეწერათ. "ამის შემდეგ დაიწყო ამ პოლიციელთა უკანონო მოსმენები და არა მარტო მათი, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვისთანაც მათ ჰქონდათ კონტაქტი. მათ აუკრძალეს საზღვარგარეთ წასვლა. დაბლოკეს მათი ნებისმიერ საჯარო სამსახურში დასაქმება და შეუქმნეს მძიმე სოციალური პირობები მაშინ, როცა ზოგიერთი მათგანი სამი და ოთხი შვილის მამაა. ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი იყო გუშინ, როცა პროკურატურაში 10-12 მათგანი დაიბარეს და ულტიმატუმი წაუყენეს, 24-საათიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებით არარსებული დანაშაული რომელიმე მათგანმა დაიბრალოს", - განაცხადა ზაზა ჭაიამ.

ერთ-ერთი ყოფილი სამართალდამცველი გრიგოლ კვინიკაძე, რომელიც პირადა იყო პროკურატურაში დაბარებული აცხადებს, რომ თამაზ თამაზაშვილს, რომელიც მათმა სამმართველომ დააკავა, ავტომანქანის ჩხრეკისას აღმოაჩნდა ავტომატური იარაღი. ამასთან, ავტომატური იარაღები ამოიღეს კახეთში მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროსაც.

კვინიკაძის განცხადებით, პროკურატურაში დაბარებულებს განუცხადეს, რომ თუ დანაშაულს რომელიმე მათგანი თავის თავზე არ აიღებს, თამაზ თამაზაშვილის დაკავების საქმეში მონაწილე ყველა პოლიციელს დაიჭერენ. " ჩვენ გუშინ დაბარებულები ვიყავით პროკურატურაში, რასთან დაკავშირებითაც უწყება აღნიშნავს, რომ ჩვენი დაკითხვა მოწმის სახით მოხდა. მინდა ვთქვა, რომ ეს აბსოლუტური სიცრუე, რადგან ეს არ ყოფილა დაკითხვა. ჩვენ უბრალოდ გვითხრეს, რომ გვაძლევენ 24-საათიან ვადას, რათა აღნიშნული დანაშაული, რომელიმე ჩვენგანმა თავის თავზე აიღოს. გვითხრეს, რომ თამაზაშვილის პოლიტიკური ნიშნით დაკავება ვინმემ თავის თავზე უნდა აიღოს, რადგან ეს საქმე უნდა გაიხსნას", - აღნიშნა გრიგოლ კვინიკაძემ. ის ამ დროისთვის არ აკონკრეტებს პროკურატურის იმ გამომძიებლის ვინაობას, რომლისგანაც აღნიშნული ულტიმატუმი მოისმინეს.

თამაზ თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია.

 

კომენტარები