ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში უგო ჩავესის თანამოაზრემ, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მადურომ კვირას გამართულ არჩევნებში ხმათა 50.7% მიიღო, მისმა ოპონენტმა ენრიკლე კაპრილესმა კი 49.1%. კაპრილესი თვლის, რომ არჩევნების შედეგი საბოლოო არ არის და საარჩევნო კომისიამ დარღვევები უნდა შეისწავლოს. კაპრილესი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში თვითონ გაიმარჯვა.
ეროვნული საარჩევნო საბჭოს თქმით, შედეგები საბოლოოა და არ გადაიხედება.
მთავარი ოპოზიციური კანდიდატის მიერ არჩევნების შედეგების არმიღება ვენესუელაში პოლიტიკური დაპირისპირების საშიშროებას აჩენს.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ხელისუფლების მომხრეები საპრეზიდენტო სასახლესთან შეიკრიბნენ, სადაც გამარჯვებულმა მადურომ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი გარდაცვლილ უგო ჩავესს.
თავის უკანასკნელ გამოსვლაში ჩავესმა მემკვიდრედ მადურო დაასახელა. პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, მის მოვალეობას სწორედ მადურო ასრულებდა.
საკუთარი გამარჯვება მადურომ არჩევნებამდე იწინასწარმეტყველა. მან განაცხადა, რომ მასთან ჩიტის სახით გარდაცვლილი უგო ჩავესი მივიდა და გამარჯვებაში დაარწმუნა.





