საქართველოს მთავრობა ევროპის სახალხო პარტიას ევროპული ღირებულებების პატივისცემისკენ მოუწოდებს და შეშფოთებას გამოთქვამს ევროპის სახალხო პარტიის „იმ პრესრელიზის და სამოქმედო გეგმის ტონისა და შინაარსის გამო, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ბრალად ედება დემოკრატიული სტანდარტებიდან გადახვევა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა.“ - ნათქვამია დღეს, 16 მარტს გამოქვეყნებულ საქართველოს მთავრობის პრესრელიზში.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, ეს არის სულ ახალი განცხადება იმ „თავმდასხმათა შორის“, რომლებიც ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წევრისგან მოდის და მთავრობის აზრით პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ პარტიულ მხარდაჭერას ცხადყოფს. მთავრობის განცხადებით, ევროპის სახალხო პარტიის რეკომენდაციები ნაციონალური მოძრაობის მიერ წაყენებული დაუსაბუთებელი ბრალდებების მთელი ნუსხაა და სხვა არაფერი.
„როგორც ჩანს, სააკაშვილის მოკავშირეები ევროპარლამენტში კონფრონტაციის ტაქტიკას არჩევენ, ამან კი, შეიძლება ძირი გამოუთხაროს სწორედაც იმ მიზნებს, რომელთა დაცვასაც ემსახურება ევროპარლამენტი, მაშინ, როცა ევროკავშირის ემისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგი დახმარებას უწევს მთავრობას რეფორმების განხორციელებაში. ევროპის სახალხო პარტიის რეკომენდაციები სხვა არაფერია, თუ არა ნაციონალური მოძრაობის მიერ წაყენებული დაუსაბუთებელი ბრალდებების მთელი ნუსხა ახალი ფორმულირებით. ეს იმას ნიშნავს, რომ სახალხო პარტიას არ შესწევს უნარი, ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკური დასკვნები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, რომლებიც დაეფუძნება არაპარტიულ, სათანადოდ შესწავლილ და ადამიანის უფლებებზე დამყარებულ ანალიზს.“ - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვები ცდილობენ საქართველოს ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას, რომ არანაირი საფუძველი არა აქვს ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველომ დემოკრატიისაკენ მიმავალ გზას გადაუხვია და ევროპულ სტანდარტებს დაშორდა. ხელისუფლების განცხადებით, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროსაბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოთქვეს კმაყოფილება ხელისუფლების რეფორმებით, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა დემოკრატიული ნორმებისაკენ - „მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში წლების განმავლობაში ირღვეოდა ადამიანის უფლებები.“ - ნათქვამია განცხადებაში.
გამოქვეყნებულ პრესრელიზში პრემიერ ივანიშვილის პირადი მიმართვაც გვხვდება, რომელიც მან დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მე მესმის ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წევრის შეშფოთება საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო. ჩვენ საქმე გვაქვს კოჰაბიტაციის რთულ პერიოდთან, მაგრამ ჩემი ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს სასიცოცხლო მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად.2012 წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეებმა ცალსახად უარყვეს წარსულის პოლიტიკა და კანონიერი სახე მისცეს ჩვენს პროგრამას ელიტარული კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების აღმოსაფხვრელად.
ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხარს დაუჭერდენენ იმ ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ და პატივს ვცემთ – ეს არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და სამაგალითო მმართველობის ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.
მიუხედავად ამისა, საქმე ალბათ ისე არ ჩანს, როგორც სიტყვა. ძალიან ვწუხვარ, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთ პატივცემულ წევრს ურჩევნია უსაფუძვლოდ გვაკრიტიკოს და წინასწარ გამოიტანოს ვერდიქტი ჩემი, ჩემი მთავრობისა და ჩემი ხალხის წინააღმდეგ. ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უპირველესი მიზანია. სწორედ ამიტომ, მზად ვარ ნებისმიერი ევროპელი ოფიციალური პირის, პარლამენტის წევრისა თუ სხვა კრიტიკოსის მიერ გამოთქმულ საფუძვლიან ბრალდებას ვუპასუხო და მოვისმინო ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელიც დაგვეხმარება სტაბილური, დემოკრატიული საქართველოს აშენებაში.
ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, აგრეთვე ოპოზიციური პარტიის კონსტრუქციული ჩართულობით, ჩვენ შეგვიძლია, განვამტკიცოთ კავშირები და ურყევად განვაგრძოთ გზა ევროკავშირისკენ და ისეთი საქართველოსაკენ, რომელიც სტაბილურობის გარანტი იქნება კავკასიის რეგიონში. მე გულწრფელად მივესალმები ევროპის სახალხო პარტიის მოწოდებას ყოვლისმომცველი დიალოგისკენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის, და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კრიტიკოსები გააცნობიერებენ, რომ არასწორად ესმით ჩვენი ხელისუფლების მოქმედებები და მოტივაცია. მჯერა, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ ისეთი სამოქმედო გეგმის შექმნას, რომელიც მაღალ ევროპულ სტანდარტებს დაეფუძნება და დაგვეხმარება კონსტრუქციულ თანამშრომლობაში, რათა მიღწეულ იქნეს ეს სტანდარტები საქართველოსა და, ზოგადად, ევროპის სასიკეთოდ“. - აცხადებს პრემიერი ივანიშვილი.
პრემიერის ოფიციალურ ფეიჯზე 15 მარტით დათარიღებული მემორანდუმიც გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ხელისუფლება პასუხობს ევროპის სახალხო პარტიის 14 მარტის დეკლარაციას.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ევროპის სახალხო პარტიამ დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განახლებისთვის სამოქმედო გეგმა შესთავაზა.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ხაზს უსვამს პროგრესს, რომელიც ''ბოლო წლების განმავლობაში გატარდა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სტანდარტების სფეროში''. პარტია ამჟამინდელ ხელისუფლებას, დარჩენილი აუცილებელი რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს.
ევროპის სახალხო პარტია იმედოვნებს, რომ 2013 წლის ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის წარმატებული იქნება, თუმცა სინანულით აღნიშნავს, რომ 2012 წლის საპარლამენტო რჩევნების შემდეგ, ხელისუფლების მიერ გადაიდგა რამდენიმე ისეთი ნაბიჯი, ''რამაც დააზიანა ქვეყნის პოზიტიური იმიჯი. კანონის უზენაესობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხებში''.





