მედია

მედიის განვითარების ფონდი: გადაცემა პოლიტმეტრში მოხდა პროფესიული სტანდარტის უგულვებელყოფა

არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიის განვითარების ფონდი" ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა "პოლიტმეტრში" პროფესიული სტანდარტის უგულვებელყოფის ფაქტზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მედიის განვითარების ფონდი, საუბრობს "სახიფათო პრეცედენტებზე, რომელმაც თავი იჩინა ქართულ მედიასივრცეში და ადამიანის პირადი საიდუმლოების გასაჯაროებას ეხება". 
ამ შემთხევაში, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, გადაცემა "პოლიტმეტრში"  14 მარტს მინდია უგრეხელიძის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მისამართით გაკეთებულ არაეთიკურ გამოთქმაზე, გადაცემის წამყვანის, ჟურნალისტის ნინო ჟიჟილაშვილის პოზიციაზე. 
"მიგვაჩნია, რომ მას, როგორც გადაცემის წამყვანს უნდა  მიეთითებინა რესპონდენტისთვის ასეთი განცხადების გაკეთების დაუშვებლობაზე, რადგან შეილახა არა მარტო ადამიანის პირადი საიდუმლოების დაცვის ვალდებულება, არამედ მისი პიროვნული და პროფესიული ღირსება", - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საუბრობს ზოგადად მედიაში გახშირებულ "ტენდენციაზე", რომ წამყვანები და ჟურნალისტები რესპონდენტის არაკორექტულ გამონათქვამებზე  არ რეაგირებენ. 
"ამიტომ, გვინდა შევახსენოთ მედიას მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ის დებულება, რომელიც მათ ავალდებულებს, "დაიცვან ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის" (მუხლი 34). მით უფრო, რომ სადისკუსიო საკითხს – სასამართლო რეფორმას არავითარი კავშირი არ აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, რაც პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს და დაცულია კანონმდებლობით. პროფესიული სტანდარტი მოითხოვს, რომ რესპონდენტის მიერ ასეთი დაუსაბუთებელი პარალელის გავლების შემთხვევაში, ინტერვიუერმა ადეკვატური რეაგირება მოახდინოს მსგავს არალეგიტიმურ და არაეთიკურ გამოხატვაზე", - ნათქვამია განცხადებაში. 
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე და ამ კონტექსტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პიროვნებასაც შეეხო. მისი თქმით, კუბლაშვილი პიროვნულადაა დავალებული პრეზიდეტ სააკაშვილისგან.
"მერიდება ცოტა, მე ვიცი, რომ კუბლაშვილს ჰქონდა რაღაც სერიოზული დაავადება, ძალიან მერიდება ახლა, რაღაც ჭორების დონეზე ჩავედი, მაგრამ ვგულისხმობდი მე იმას, რომ მას დაეხმარა პირადად სააკაშვილი და ის ძალიან ვალდებულების გრძნობით იყო", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მოგვიანებით, პრემიერის ამ გამოთქმის კომენტირებისას გადაცემა "პოლიტმეტრში" მინდია უგრეხელიძემ  განაცხადა: ". . . ადამიანი, რომელიც შეპყრობილია რომელიმე მძიმე სენით და რომელიც განიცდის მთავრობის ძლიერ მხარდაჭერას, საერთოდ უნდა ჩამოშორდეს მართლმსაჯულებას იმიტომ, რომ იგი აღარ შეიძლება იყოს მიუკერძოებელი". 

კომენტარები