საქართველო-NATO

აპატურაი: საქართველოში უნდა მოხდეს მხარეებს შორის შეთანხმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, NATO-ს გენერალური მდივნის პეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, საქართველო-NATO-ს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის საკითხს.

„ჩვენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. დღეს, შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა მინისტრ ალასანიასთან. მე მოხარული ვარ იმ რეფორმებით, რაც მან გამაცნო. ჩემთვის ეს ძალიან პროფესიონალურ დონეზეა ჩამოყალიბებული და ძალიან სწორი მიმართულებით ვითარდება. მეორე მხრივ, საქართველოში უნდა მოხდეს მხარეებს შორის შეთანხმება. კოაბიტაციის პროცესი რთულად მიმდინარეობს. გვსურს, ქვეყნის შიგნით მხარეები ძირითად და არსებით საკითხებზე შეთანხმდნენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დიალოგი მათ შორის მიმდინარეობს და გვინდა, რომ შეთანხმებას მალე მიაღწიონ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

თავის მხრივ, ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და თარიღიც შერჩეულია: „ რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში, გადაწყვეტილება მიღებულია, თარიღიც პრაქტიკულად შერჩეულია. ეს ვიზიტი კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს საქართველოს, რომ უახლოეს პერიოდში მრავალმხრივ ფორმატებში მეტი ინტეგრაცია მოხდეს NATO-ს ქვეყნებთან“, - ამბობს ალასანია.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ალიანსის გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენსა და საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალს, გენერალ ჯოზეფ დანფორდს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.

 

კომენტარები