სამომხმარებლო ნდობა

სამომხმარებლო ნდობის ვარდნა და ეკონომიკური ზრდა

სამომხმარებლო ნდობამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დროებით მოიმატა, ხოლო მომდევნო ორი თვის განმავლობაში თითქმის იმდენჯერვე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი დარწმუნებული არ არის ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობაში, ვერ ხვდება რა ელის ხვალ და ამიტომ ზღუდავს თავის აქტივობას.

ამ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას კვლევითი ინსტიტუტის – ISET-ის საქართველოს სამომხმარებლო ნდობის ბარომეტრის მონაცემები იძლევა. სამომხმარებლო ნდობას კვლევითი ორგანიზაცია რეგულარულად ზომავს.

სამომხმარებლო ინდექსის ყველაზე დიდი ვარდნა დეკემბერში მოხდა. იმავე წლის მაისთან შედარებით, ნდობამ 6.8 პროცენტული პუნქტით დაიკლო. მომხმარებლის მოლოდინების ინდექსი ნოემბერში 5.2%-დან დეკემბერში -6.5%-მდე დაეცა, ხოლო არსებული მდგომარეობის შეფასების ინდექსი ნოემბერში -13.8%-დან დეკემბერში -15.7%-მდე შემცირდა.

დეკემბერთან შედარებით, ISET-ის მიხედვით, იანვარში საქართველოში სამომხმარებლო ნდობა 3.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ზრდა დაეტყო მომხმარებლის მოლოდინების ინდექსსაც: დეკემბერში -6.5%-თან შედარებით იანვარში ინდექსი -3.5%-მდე გაიზარდა. დეკემბერთან შედარებით გაუმჯობესდა არსებული მდგომარეობის შეფასების ინდექსიც.

სამომხმარებლო ნდობა განსხვავებულია თბილისსა და რეგიონებში: დედაქალაქთან შედარებით, რეგიონებში ნდობა თითქმის ორჯერ დაბალია. დეკემბერთან შედარებით, ეს განსვლა კიდევ უფრო გაღრმავდა.

სამომხმარებლო ნდობის ინდექსზე განათლების დონე მოქმედებს. კერძოდ, სამომხმარებლო ნდობის აღდგენა მათ უფრო უჭირთ, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ასეთი ადამიანების მოლოდინები სკეპტიციზმს უფრო დიდხანს ინარჩუნებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ფულის დაზოგვის შესაძლებლობას და უახლოეს მომავალში რაიმე მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთებას.

გამოდის, რომ სამომხმარებლო ნდობის შემცირების კვალდაკვალ, ის ადამიანები უფრო დიდხანს ამცირებენ თავიანთ ეკონომიკურ აქტივობას, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს, უფრო პროდუქტიულია და ვის აქტივობასაც ეკონომიკური ზრდისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ეკონომიკა მაშინ იზრდება, როცა ინდივიდებს და ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, სწორად დაგეგმონ საკუთარი აქტივობები. მაგალითად, აითვისონ ახალი შესაძლებლობები, შეაფასონ ამასთან დაკავშირებული რისკები და მიიღონ მოგება. ეკონომიკა, როგორც ის ხალხს ესმის, სწორედ ამაზეა აგებული: ერთი ადამიანის ხარჯი მეორის შემოსავალია, მეორის ხარჯი – მესამის შემოსავალი და ა.შ.

ადამიანები მხოლოდ მაშინ ხარჯავენ ფულს ხელგაშლილად, როცა მათ ამის საშუალება აქვთ და როცა იციან, რომ ფული მომავალშიც ექნებათ. სწორედ ამას ჰქვია სამომხმარებლო ნდობა. ამ ნდობას ხელს უწყობს დაბალი ინფლაცია (როცა ფულის მსყიდველუნარიანობა მაღალია), დაბალი საპროცენტო განაკვეთები (როცა ადამიანს შეუძლია გრძელვადიანი იაფი სესხის აღება) და მაღალი შემოსავალი. თუ ყველა ფაქტორი ადგილზეა, მომხმარებელი უფრო თავდაჯერებულია და ფულს უფრო ადვილად ხარჯავს.

სამომხმარებლო ნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს მეწარმეებისთვისაც. ისინი ამით უკეთ ზომავენ მოთხოვნას, უკეთ გეგმავენ თავიანთ საქმიანობას და უფრო ზუსტ სარეკლამო და მარკეტინგულ სტრატეგიებს სახავენ.

მომხმარებლის ნდობის შემცირება ქვეყნის ეკონომიკას იმაზე გაცილებით მძიმე ტვირთად აწვება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. საქმე ის არის, რომ ფულის არდახარჯვა ავტომატურად მის დაზოგვას არ ნიშნავს, ან თუ ნიშნავს, ეს ფული უმეტესად ბანკში არ იზოგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა ამ ფულიდან სარგებელს ვერ ნახულობს.

საინტერესოა, რომ იანვარში სამომხმარებლო ნდობის ინდექსში გაუმჯობესება დაეტყო ყველა ინდიკატორს, გარდა ორისა. ესენია: ფულის ხარჯვასთან დაკავშირებული მოლოდინები და ფინანსური კუთხით დღეს არსებული მდგომარეობა. ამ კითხვების ანალიზი გვაჩვენებს, რომ დეკემბერთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანი ელოდება, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვან შენაძენს ვერ გააკეთებს. ამასთან, მეტი ადამიანი ელოდება, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ფულის დაზოგვას ვერ შეძლებს.

ISET-ის კვლევა აჩვენებს, რომ თბილისის მოსახლეობის 42%-ის აზრით, ისინი მომდევნო 12 თვის განმავლობაში ფულის დაზოგვას ვერ მოახერხებენ და ვალის აღება მოუწევთ. რეგიონებში ასეთი მოლოდინი მოსახლეობის 51%-ს აქვს. ამის მთავარი მიზეზი უმუშევრობის და ფასების ზრდაა: ISET-ის მიხედვით, იანვრის მდგომარეობით, თბილისის მოსახლეობის 17%-ს მიაჩნია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში უმუშევრობა და ინფლაცია მკვეთრად მოიმატებს. თბილისს გარეთ ამ აზრს მოსახლეობის 22% იზიარებს.

2011 წელს ACT-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ

• უფრო ხშირად და უფრო მეტს ზოგავენ ის ადამიანები, ვისი ოჯახის შემოსავალიც თვეში 700 ლარზე მეტია

• დასაქმებული ადამიანი უფრო ზოგავს, ვიდრე უმუშევარი. ბანკშიც ფულს დასაქმებული ადამიანები ინახავენ

• ადამიანი, ვისი ხელფასიც ბოლო ერთ თვეში გაიზარდა, უფრო ზოგავს, ვიდრე ის, ვისი ხელფასიც იგივე დარჩა ან შეუმცირდა

ამ ჩამონათვალს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ეს ის ადამიანები არიან, ვისი სამომხმარებლო ნდობაც უფრო მაღალია, რადგან მათ აქვთ გარანტირებული შემოსავალი, აქვთ მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში სამსახურს არ დაკარგავენ და შესაძლოა, ხელფასიც გაეზარდოთ.

ადამიანები, ვისი სამომხმარებლო ნდობაც დაბალია – მაგალითად, იგივე სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომელიც ძირითადად თვითდასაქმებულია და უფრო მეტად უჭირს ზუსტი პროგნოზების კეთება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ფულს ნაკლებად ზოგავს და ბანკს, როგორც წესი, არ ენდობა. ACT Research-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ თუ თბილისსა და დიდ ქალაქებში ფულს ბანკებში ინახავენ, სოფლად უპირატესობას ეგრეთ წოდებულ სამალავებს ანიჭებენ.

როცა ბანკში დეპოზიტები მცირდება, ეს მას ხელს უშლის ქვეყნის გარედან მოიზიდოს იაფი ფული, რომელსაც შემდეგ კრედიტად გასცემს. როცა ბანკს თვითონ უჭირს იაფად მიიღოს ფული, რომელსაც შემდეგ გასცემს, ბუნებრივია, კრედიტზე საპროცენტო განაკვეთს გაზრდის, რომ ეს ხარჯი მომხმარებელზე გადაიტანოს და თვითონ წაგებული არ დარჩეს. საპროცენტო განაკვეთების ხელოვნურად – მაგალითად, მთავრობის ზეწოლით დაწევა კი იმას გამოიწვევს, რომ კრედიტი არავისთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი.

მომხმარებლის აქტივობა, როგორც წესი, მშპ-ის მამოძრავებელი ყველაზე დიდი ფაქტორია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (საქსტატი) მიხედვით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში რომ ავიღოთ, ვნახავთ, რომ ყველაზე დიდი წილი – 3.5 მილიარდ ლარზე მეტი, ვაჭრობაზე მოდის.

მომხმარებლის აქტივობის ვარდნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო მოთხოვნაზეც. საქსტატის ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ ნოემბერსა და დეკემბერში ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები საგრძნობლად არის შემცირებული – ექსპორტი საშუალოდ 12%-ით, ხოლო იმპორტი – 9%-ით.დეკემბერში ექსპორტის მაჩვენებელი -21.5%-ია. საქსტატის მიხედვით, ექსპორტის ასეთი დაბალი მაჩვენებელი რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის კლება ასეთი მასშტაბური არ ყოფილა, იმპორტის მაჩვენებლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად არის უარყოფითი. მედიაში გავრცელებული კომენტარების მიხედვით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს, ფადი ასლის, მიაჩნია, რომ ეს არის ზუსტი ინდიკატორი, რომ იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდა შენელდება.

მთავრობა ამბობს, რომ 2013 წელს მშპ-ის რეალური ზრდა 6% იქნება.

ფადი ასლის მიაჩნია, რომ მთავრობის გეგმა არარეალისტურია. სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ამბობს – ამ ფონზე მსოფლიო ბანკის პროგნოზიც – 5.1%-იანი ზრდა, ოპტიმისტური შეფასებაა. იანვარში ეკონომიკური ზრდის მკვეთრი ვარდნის პირობებში, ძალიან რთული იქნება ქვეყნის ეკონომიკა ყოველთვიურად საშუალოდ 7%-ით გაიზარდოს. სწორედ ამ ტემპით ზრდა იქნება საჭირო იმისთვის, რომ მომხმარებელს ეკონომიკის განვითარების მეტ-ნაკლები სტაბილურობის განცდა გაუჩნდეს და 2013 წლის ბოლოს 6%-იანი ზრდა მივიღოთ.

2012 წლის მონაცემები ამ პროგნოზის სასარგებლოდ არ მეტყველებს. ეკონომისტი პაატა შეშელიძე საქსტატზე დაყრდნობით მშპ-ის რეალური ზრდის მონაცემებს ავრცელებს. მის მიხედვით, 2012 წელს საქართველოს 6.1%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. აქედან, I კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 6.7%-ით, II კვარტალში – 8.2%-ით, III კვარტალში – 7.5%-ით, ხოლო IV კვარტალში 2.5%-ით შემცირდა.

ჟურნალის ამ ნომრის გამოსვლამდე, ISET-ი სავარაუდოდ თებერვლის თვის მონაცემების გამოქვეყნებასაც მოასწრებს. თუმცა რაიმე განსაკუთრებულ განსხვავებას არ უნდა ველოდოთ, რადგან სამომხმარებლო ნდობა ოდნავ მაჩანჩალა და ძალიან სუბიექტური ინდიკატორია – ეს იმას ნიშნავს, რომ ის ხშირად ჩამორჩება რეალურ სიტუაციას: მომხმარებლის ქცევა ხშირად წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გრძელდება და, როგორც წესი, დრო სჭირდება, რომ უფრო ადეკვატური გახდეს.

 

კომენტარები