ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური ხედვის აჩრდილი

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველივე პრესკონფერენციაზე, 2012 წლის 2 ოქტომბერს თქვა: „საქართველო ვერ იქნება დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე, რასაც ცდილობდა სააკაშვილი. ჩვენ უნდა დავრჩეთ რეგიონულ მოთამაშედ და განვსაზღვროთ რეგიონული პოლიტიკა. ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც ჩვენ ვართ, ალბათ ძნელია, ჰყავდეს რამდენიმე სტრატეგიული პარტნიორი, თუმცა სწორი ქმედებით, პოლიტიკით ყველა პარტნიორისთვის უნდა ვიყოთ მისაღები“. ჟურნალისტს შეკითხვაზე – „ამერიკა თუ რუსეთი, თუ ორივე ერთად“, მან მიუგო: „საქართველომ უნდა მოახერხოს, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს“.

გაზეთ რეზონანსთან ინტერვიუში, რომელიც ბაქოში ვიზიტის წინ, 2012 წლის 21 დეკემბერს გამოქვეყნდა, პრემიერმინისტრმა განაცხადა: „რბილად რომ ვთქვათ, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს... რაღაც ეტაპზე ეს, შესაძლოა, ჩვენთვის არ იყოს სასარგებლო და დარეგულირება სჭირდება...“

სომხეთში ვიზიტის დროს, 2013 წლის 17 იანვარს, რადიო თავისუფლების სომხურ რედაქციას ივანიშვილმა უთხრა: „არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლა მოხდეს. მაგრამ, ზოგადად, ქვეყნები ვითარდება, ხალხი ვითარდება, საზოგადოება ვითარდება. ისინი იცვლიან პრიორიტეტებს, მაგრამ მე არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევცვლით პრიორიტეტებს“. ივანიშვილმა იქვე დაამატა: „სომხეთს საუკეთესო ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ასევე საუკეთესო ურთიერთობები აქვს ამერიკასთან და NATO-ს წევრ სახელმწიფოებთან... სომხეთი კარგ მაგალითს წარმოადგენს ქართველებისთვის, რაც მხოლოდ თეთრი შურით გვშურს“.

როდესაც 2012 წლის ნოემბრის ბოლოს ივანიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, რას იტყვით გავლენიანი დასავლელი პოლიტიკოსებისა და მედიის მიერ თქვენი მთავრობის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზეო, მან უპასუხა: „ჩვენ არ ვიმოქმედებთ არცერთი განცხადების მიხედვით, რომელიც საზღვარგარეთ კეთდება. ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა. ძალიან კარგად ვფლობთ სიტუაციას და ვიცით, რა ხდება საქართველოში...“

ამ წელიწად-ნახევარში ბიძინა ივანიშვილის ნათქვამ-ნაწერის უზარმაზარი არსენალიდან ეს ოთხი განცხადება იმის გამო კი არ გამოვყავით, რომ ვამტკიცოთ, თითქოს სწორედ ესაა მისი საგარეო პოლიტიკური მსოფლმხედველობა, არამედ იმის საჩვენებლად, თუ ჩვენ რას ვაქცევთ ყურადღებას მის გამონათქვამებსა და მოქმედებებში და როგორ აღვიქვამთ მის საგარეო პოლიტიკურ გეზს. პრემიერს შეუძლია მიგვითითოს სხვა განცხადებებზე, რომლებშიც დასავლური კურსის ერთგულებას ამტკიცებს, მაგრამ გონივრულია ვიფიქროთ, რომ ყველა განცხადება ერთნაირად მნიშვნელოვანი არაა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, არ შეიძლება ყველაფერი ერთნაირად მნიშვნელოვანი იყოს. ზოგი გამონათქვამი ან ქმედება უფრო სერიოზულია, ვიდრე სხვა, რადგანაც მათზე გამოხმაურება უფრო დიდია, მათი აღქმა კი უფრო შთამბეჭდავი.

სწორედ აქედან გამომდინარე, რაც უნდა საწინააღმდეგო ამტკიცოს პრემიერმინისტრმა, ზემოაღნიშნული ოთხი განცხადება მოწმობს, რომ მას არ მოსწონს: 1) ფართო გეოპოლიტიკური ასპარეზი, მრავალფეროვნება და მსოფლიო არენაზე საქართველოს აქტიურობა; 2) საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა; 3) ცალსახად ევროატლანტიკური ვექტორი; 4) დასავლეთის ლიდერთა და მედიის ყურადღება.   

ივანიშვილის განმარტებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავიგოთ მისი ესა თუ ის გამონათქვამი, ან თავად რას გულისხმობდა ამა თუ იმ წინადადებაში, იმის მაუწყებელია, რომ დიდხანს კარჩაკეტილ ცხოვრებას მიჩვეული მილიარდერი სათანადოდ ვერ აფასებს გარემომცველ სამყაროს და სხვა ადამიანთა თავისუფალ ნებას. რეალობა ხშირად ერთია და მისი აღქმა მეორე. ერთი და იგივე რეალობა სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვანაირად შეიძლება აღიქვას. საბოლოო ჯამში, რეალობის აღქმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად რეალობა და რასაც შენ „ობიექტურ ჭეშმარიტებასა“ და „სამართლიანობის აღდგენას“ ეძახი, სხვამ შეიძლება ქიმერად და შერჩევით სამართლად აღიქვას. თავისუფალ საზოგადოებაში რეალობასა და მის აღქმას შორის ასეთი დამოკიდებულება არა მარტო მიღებული, არამედ წახალისებულიცაა. მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმები უსვამენ ტოლობის ნიშანს რეალობასა და მის აღქმას შორის.

2012 წლის დეკემბერში ხუთმა ამერიკელმა სენატორმა წერილის საშუალებით ივანიშვილს სთხოვა: ყველაფერი გააკეთეთ, რომ „ყოფილი მთავრობის წინააღმდეგ შერჩევითი სამართლის გამოყენებად აღქმაც კი თავიდან იქნას აცილებული“. იგივე თქვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა (პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ 16 ნოემბერს) და NATO-ს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფანჯიკიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე 5 დეკემბერს.

ის, რაც ითქვა შერჩევით სამართალზე, საგარეო პოლიტიკაზეც შეგვიძლია გადმოვიტანოთ. ერთია ივანიშვილის მიერ დეკლარირებული საგარეო პოლიტიკა, ხოლო მეორე ის, თუ როგორ აღიქმება იგი მოქალაქეთა მიერ ქვეყნის შიგნით და საქართველოს მტერ-მოყვარის მიერ საზღვარგარეთ. სტატისტიკური მონაცემების გარეშე ძნელია ამტკიცო, ივანიშვილის მხარდამჭერთა რა ნაწილია ანტიდასავლურად განწყობილი, მაგრამ უფრო ადვილია იმის ჩვენება, რომ მისი აქტიური სოციალური ბაზა, ანუ იდეოლოგიური მომხრეები, რომელთაც ვხედავთ „სამართლიანობის მხარდასაჭერად“ მოწყობილ პიკეტებზე, ინტერნეტსივრცეში ან სტალინის ძეგლების რესტავრატორთა შორის, დასავლური კურსის აქტიური მოწინააღმდეგეა. ამასთან, შეუძლებელია, თავად ეს იდეოლოგიური ბირთვი ივანიშვილს დასავლური კურსის მომხრედ აღიქვამდეს.

რეალობასა და მის აღქმაზე მსჯელობა შეგვიძლია შემოვატრიალოთ და ვიმსჯელოთ ახალი რეალობის შექმნის ალბათობაზე. დავუშვათ, ივანიშვილის მიზანი საქართველოს დასავლური გეზის უკუქცევაა აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების „კეთილშობილური გეგმის“ განსახორციელებლად. ან, უბრალოდ, რუსეთის ორბიტაზე საქართველოს დაბმის „მზაკვრული სქემის“ სისრულეში მოსაყვანად. მართალია, აღნიშნული გეგმა და სქემა ერთმანეთისაგან ზნეობრივად განსხვავდება, მაგრამ არამცთუ ორივეს ბოლო ერთნაირი რუსული არტახები იქნება, განხორციელების პროცესიც თითქმის იდენტური უნდა იყოს. პირველ რიგში, ვგულისხმობთ იმას, რომ დასავლეთისგან განზიდვა მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიის დასამარების პარალელურად თუ მოხდება, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

რა თქმა უნდა, ლიბერალური დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ავტომატურად გამოიწვევს ივანიშვილის დელეგიტიმაციას, რომელიც არც პოლიტიკურად, არც მორალურად და, რაც მთავარია, არც ფინანსურად ადვილი მოსანელებელი არ იქნება 6 მილიარდი დოლარის მქონე კაცისთვისაც კი. სხვათა შორის, ეს შეიძლება ბევრად უფრო ძვირიც კი დაჯდეს, ვიდრე რუსეთში უძრავ-მოძრავი ქონების დაკარგვის საზღაური იქნებოდა.

ივანიშვილის პოლიტიკური კაპიტალი დემოკრატიული გზით თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებით მოპოვებული ლეგიტიმურობაა. ასეთი სიმდიდრის გაფლანგვა კი მილიარდერის მხრიდან სრული უგუნურობა იქნებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რადგანაც რუსეთთან დაბრუნება აპრიორი დასავლეთისგან იზოლაციაა, ე.ი. მეორის გარეშე პირველი ვერ მოხდება, ამიტომ რუსეთს ბოლო სიტყვის თქმის უფლება და იმის შესაძლებლობა ეძლევა, მწარედ დასაჯოს დაბრუნებული „უძღები ვაჟი“. ამდენად, დასავლეთის დამკარგავმა შეიძლება ვერც რუსეთისგან მიიღოს თავზე ხელის გადასმა. ერთი იქნება შეცვლილი რეალობა და მეორე – მისი შეფასება პრესტიჟის მოყვარე კრემლში. როგორც ონიშენკომ თქვა ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ, ეგრე იტყვიან მაშინაც, საქართველოს უფრო აწყობდა რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება, ვიდრე რუსეთსო.

კომენტარები