უსიამოვნება, რომელიც ამ დღეებში პრეზიდენტის გამოსვლის წინ მოხდა, მეტად სამწუხაროა, - განაცხადა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას, სამების საკათედრო ტაძარში.
"როგორც ბასილი დიდი ამბობს, ბოროტება ვერ იკურნება ბოროტებით. ბოროტება იკურნება სიყვარულით. ქართველ ადამიანსაც რამდენი რამ უთქვამს ამაზე - "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია". ქართველი ადამიანი არასოდეს ტოვებს ნანგრევებს. აშენებს ახალ შენობას, ახალ იდეებს, სიახლეს, სიკეთეს. ამიტომ არ შეგეშინდეთ ამ მოვლენებისა. ეს ყველაფერი გაივლის და საქართველო აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ეშმაკს შურს ჩვენი", - ამბობს პატრიარქი.
"არავინ გაუკეთებს ადამიანს ისეთ მტრობას, როგორც იგი საკუთარ თავს. მოლდოვაში იყო ერთი მქადაგებელი, რომელიც ამბობდა, "ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს". იყო ასეთი შემთხვევა - ერთ ქალს გამოუცხვია პურები და მასში საწამლავი ჩაუდია და მისცა საჭმელად ამ მოხუც მქადაგებელს. მან ვერ მოასწრო ჭამა, როდესაც დაინახა ჯარისკაცი, რომელმაც საჭმელი სთხოვა. მისცა ამ ჯარისკაცს ეს პურები, უჭამია ჯარისკაცს და მოიწამლა. იგი აღმოჩნდა იმ ქალის შვილი, ვინც ეს პურები გამოაცხო. სხვისთვის უნდოდა და თავის თავს გაუკეთა. ასე რომ, ვიყოთ იმედით, ვაკეთოთ სიკეთე და ეს სიკეთე და სიყვარული ათმაგად და ასმაგად დაგვიბრუნდება. არ შეგეშინდეთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი", - თქვა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრის ამბიონზე ქადაგებისას.
ქადაგების შემდეგ პატრიარქმა საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაცია დალოცა და მის პრეზიდენტს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა.




