დეპუტატებისა და მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალდებული გელა მამალაძის საკითხზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს, - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.
შუამდგომლობის შეტანის შემდეგ სასამართლომ მამალაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი 24 საათის განმავლობაში უნდა განიხილოს. მამალაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით არის აღძრული. მას დეპუტატების - სერგო რატიანის, ჩიორა თაქთაქიშვილისა და მოქალაქე გიგა ნასარიძის ცემაში ედება ბრალი.




