აჭარა

აჭარის ფინანსთა მინისტრი რეგიონში 40 მილიარდის შემოდინებას ვარაუდობს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის გიორგი თავართქილაძის განცხადებით, ბათუმში 40-მილიარდიანი ინვესტიცია შევა, ეს სრულიად რეალურია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თავართქილაძე განმარტავს, რომ ინვესტიციების შემოდინება წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და 10-15 წლის პერიოდზე გადანაწილდება.

"ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ არსებულ წინადადებებს შორის, მიღებულ იქნას ყველაზე ოპტიმალური, რეგიონის სამომავლო განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესპროექტები. ეს იმას ნიშნავს, რომ 40 მილიარდ დოლარამდე თანხის ინვესტირებას სხვადასხვა კომპანიები რეალურად გეგმავენ, თუმცა კარგად უნდა იქნეს შესწავლილი ამ შემოთავაზებათაგან რომელი უფრო მეტ სარგებელს მოუტანს აჭარას", -აღნიშნავს მინისტრი.

იგი არ გამორიცხავს, რომ თანხა, ინვესტიციის სახით, საქართველოს სხვა რეგიონებზეც გადანაწილდეს.

"დრო, როდესაც მიწა ერთ ლარად იყიდებოდა, დასრულდა. ჩვენ არ გვაქვს გასაჩუქებელი ქონება. დღემდე შემოთავაზებული წინადადებებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ყველა ინვესტორმა კარგად გაიაზრა ჩვენი რეგიონის პოტენციალი. რაც შეეხება დეტალებს, საზოგადოებისთვის იგი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა კონკრეტული შეთანხმებები გაფორმდება", - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.

 

კომენტარები