სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა თებერვლიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ორი მილიონი ადამიანის სამედიცინო უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო სტრუქტურა და არა კერძო სადაზღვევო კომპანიები, ანუ შეიქმნება ბალანსი - ადრე ვინც დაზღვეული იყო, მხოლოდ კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ იყო დაზღვეული, ხოლო იმ ადამიანების, რომლებიც არ იყვნენ დაზღვეულები, სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო სტრუქტურები“, - განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სისტემის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებაში, ხარისხის კონტოლისა და ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, ჯანდაცვის სერვისების ღირებულებაც მოიაზრება.
სერგეენკოს განცხადებით, საჭიროა სამედიცინო ღირებულებების სისტემის ერთიან ველში მოყვანა და ეს არ არის კერძო დაწესებულებებზე ზეწოლა.
ტაბულას კითხვაზე, აქვს თუ არა სამინისტროს დათვლილი, თუ როგორ აისახება მომსახურების ღირებულების განსაზღვრა კერძო სამედიცინო დაწესებულებებზე და ეს უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს მომსახურების ხარისხზე, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ ცალკეულ საავადმყოფოებზე ზუსტი მონაცემები არ აქვს, თუმცა, ზოგადად, ჯანდაცვაში მეტი ფულის ჩადება სამედიცინო დაწესებულებების შემოსავალს გაზრდის.
მისივე განცხადებით, რეცეპტების სისტემის აღდგენა აუცილებელია და ეს ხარისხის განსაზღვრის ირიბი ინდიკატორია, რადგან მედიკამენტების ცირკულაციის შესახებ ინფორმაციას იძლევა. კითხვაზე, ხომ არ გაუძვირებს ეს ჯანდაცვის მომსახურებას ადამიანებსა და სადაზღვევო კომპანიებს, ან ხომ არ წაახალისებს წამლების აფთიაქებს გარეთ შეძენას, მინისტრი პასუხობს, რომ უკვე არსებობს აპრობირებული მეთოდები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ეს რისკები.
სერგეენკომ ასევე ისაუბრა ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასის შემცირების დინამიკაზე. თუმცა, მისი თქმით, განვლილი მცირე პერიოდი არ იძლევა საშუალებას, ფასების კლების მიზეზები შეფასდეს. 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ფარმაცევტულ პროდუქტზე 30-დან 70%-მდე კლების ტენდენციაა.





