კულტურის სამინისტრო

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორმა, რეჟისორმა დავით საყვარელიძემ თანამდებობა დატოვა. საყვარელიძის გადადგომის მიზეზად ოპერის განვითარებასთან დაკავშირებით მასსა და კულტურის სამინისტროს შორის აზრთა სხვადასხვაობა სახელდება. 
რუსთავი 2-თან საუბრისას საყვარელიძემ განაცხადა, რომ მან ეს გადაწყვეტილება გვიან ღამით, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ამასთან, როგორც რეჟისორი აცხადებს, მას განცხადების დაწერა ურჩიეს და სხვა პოზიციაზე გადასვლა შესთავაზეს, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია  უკვე გამოეხმაურა ოპერის დირექტორის თანამდებობიდან დავით საყვარელიძის გადადგომის ფაქტს და აღნიშნა, რომ რეჟისორი  თეატრის დირექტორად 9 წელიწადი მუშაობდა. მან ნაყოფიერი წლები გაატარა თეატრში, თუმცა ყველაფერი მოითხოვს განახლებას და დღის წესრიგში დადგა თეატრის დირექტორის შეცვლაც.
"ჩვენ შევთავაზეთ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა, თუმცა მან უარი განაცხადა. მას აქვს არაერთი პროექტი განსახორციელებელი როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში და კულტურის სამინისტრო ყველანაირად დაუდგება გვერდში დავით საყვარელიძეს", - განაცხადა ოდიშარიამ.
მინისტრი ოპერისა და ბალეტის ახალი დირექტორის ვინაობას მომავალ კვირას დაასახელებს. ოდიშარია აცხადებს, რომ საყვარელიძის ადგილზე არაერთი ადამიანი განიხილება, მათ შორის დირიჟორი გიორგი ჟორდანია.
"ყველაფერი მომავალი კვირის სამშაბათს გახდება ცნობილი", - დასძინა ოდიშარიამ.
ოდიშარიას განცხადებით დღის წესრიგში არ დგას, რომ თანამდებობა დატოვოს ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა.

კომენტარები