გამოძიება

კბილაშვილი: ადამიანის უფლებების დარღვევასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 14 იანვარს გავრცელებულ განცხადებას და თანდართულ ვიდეომასალას, არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობა და ასოციაცია ლგბტ საქართველო გამოეხმაურა. ისინი პროკურატურას ადამიანის კონსტიტუციით მინიჭებული და გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაში ადანაშაულებენ. 
იდენტობა საგანგებო განცხადებაში წერს: “თბილისის პროკურატურამ და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ყველა კანონიერ საშუალებას, რათა შეწყდეს გავრცელებული ვიდეომასალის მედიით ტირაჟირება”.
ლგბტ საქართველო კი პროკურატურას მოუწოდებს, აკრძალოს “მსგავსი სახის” კომპრომატების ჩაწერა/გავრცელება და გაანადგუროს არსებული ვიდეო/ფოტო/აუდიო მასალა.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დამატებითი კომენტარი გააკეთა გუშინ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით.  
“ადამიანის უფლებები დარღვეულ იქნებოდა მაშინ, თუ ნაჩვენებ კადრებში შესაძლებელი იქნებოდა მათი ამოცნობა, მათი იდენტიფიცირება. რამდენადაც ასეთი რამ არ არის, ამდენად ადამიანის უფლებების დარღვევასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს. მე გეტყვით მიზანს, რომელი მიზანიც არსებობდა ამ ინფორმაციის გავრცელებით და შესაბამისი კადრების გავრცელებით. საერთოდ, არავინ დავობს იმაზე, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს თავისი კონკრეტული მიზანი, თავისი კონკრეტული საქმიანობის გეგმა და მართვის სტილი. მაგრამ არ შეიძლება მიზნის მისაღწევად მართვის მეთოდად გამოყენებული იქნეს ისეთი საქმიანობა, რომელიც შეუთავსებელი არის ზნეობრიობასთან”, - განაცხადა კბილაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას. 

კომენტარები