ინდოეთი გახმაურებულ ჯგუფურ გაუპატიურებაში ბრალდებული პირების სასამართლოსთვის ემზადება. ხუთ მამაკაცი დელის სასამართლოს წინაშე მომავალ კვირას წარსდგება. მათ ბრალად ედებათ ავტობუსში სტუდენტი გოგონას ჯგუფური გაუპატიურება, რასაც ორი კვირის შემდეგ, გოგონას გარდაცვალება მოჰყვა. მეექვსე ბრალდებული არასრულწლოვანია, ამიტომ ის ცალკე გასამართლდება.
დანაშაულის დეტალებზე ადგილობრივ ტელევიზიასთან ისაუბრა გარდაცვლილის მეგობარმა მამაკაცმა, რომელიც თავდასხმის დროს გოგონას თან ახლდა და თავადაც დამნაშავეების მსხვერპლი გახდა:
„მათ ავტობუსიდან ესტაკადის მახლობლად გადმოგვაგდეს, თან შეეცადნენ, მანქანის ქვეშ მოვეყოლებინეთ. ჩვენ ტანზე არაფერი გვეცვა. ველოდებოდით, რომ ვინმე მოვიდოდა და დაგვეხმარებოდა. ხელს ვუქნევდი მანქანებს, მოტოციკლები სვლას ანელებდნენ, მაგრამ არ აჩერებდნენ. 25 წუთის მანძილზე არავინ გაჩერდა. საბოლოოდ ვიღაცამ პოლიციასთან დარეკვის საშუალება მოგვცა. ადგილზე მოსული პოლიციელები იმაზე კამათობდნენ, თუ ვის იურისდიქციაში შედიოდა ეს საქმე. სასწრაფო დახმარება არ მოდიოდა. ჩემი მეგობარი სისხლისგან იცლებოდა. მე ის ავიყვანე და პოლიციის მანქანაში მოვათავსე. უახლოესი საავადმყოფოს მაგივრად შორს წაგვიყვანეს.“
23 წლის სტუდენტის გაუპატიურებასა და გარდაცვალებას ინდოეთში ქუჩის საპროტესტო აქციები მოჰყვა. აციების მონაწილეები ქვეყნის ხელმძღვანელობისგან ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრას ითხოვენ.
აქციები მიმდინარეობს ინდოეთის დასავლეთშიც, ქალაქ პუნაში. ქუჩაში გამოსული ადამიანები სამი წლის წინ ჯგუფურად გაუპატიურებული და მოკლული ქალის საქმის გამოძიებას მოითხოვენ. პროტესტის მონაწილეები მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რადგან ნაინასთვის სამართალს ვეძებთ. სამი წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ველოდებით სამართლის აღსრულებას. 15 თვეა, რაც მთავარი ბრალდებული მიმალვაშია. პოლიცია მას ჯერ კიდევ ვერ აპატიმრებს“- ამბობს მსხვერპლის მეუღლე.





