რკინიგზა

ივანიშვილი: ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს. ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ რეზონანსთან ისაუბრა. "ამაზე შესაძლოა, კითხვის დასმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც მომიწიოს და ჩვენს მეგობარ ქვეყანას ძალიან რბილად ავუხსნათ, რომ რაღაც ეტაპზე ეს, შესაძლოა, ჩვენთვის არ იყოს სასარგებლო და დარეგულირება სჭირდება", - აცხადებს ივანიშვილი.

პრემიერის აზრით, ეს პროცესი რთული იქნება, რადგან რკინიგზის მშენებლობა დაწყებულია. შეგახსენებთ, რომ რკინიგზის მშენებლობა 98 კილომეტრის მანძილზე 2007 წელს დაიწყო და 2013 წელს დასრულდება. პროექტი გულისხმობს, ახალი რკინიგზის აშენებას ახალქალაქსა და ყარსს შორის და საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქციას.

"მეზობლებსა და წინა ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ამავე დროს აქ არის კითხვები და ამას პასუხი სჭირდება. ჩვენმა წინაპრებმა გეოგრაფიულად უნიკალური ადგილი დაგვიტოვეს და ამას პატრონობა და სწორი გამოყენება უნდა, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ ჩვენი ყველა შესაძლებლობა", - აცხადებს პრემიერმინისტრი. ივანიშვილის თქმით, ამისთვის ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი ვიზიტები აზერბაიჯანში. ის აპირებს ესტუმროს სომხეთსა და თურქეთსაც. ივანიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ყაზახეთი გახდეს საქართველოს ერთ-ერთი დიდი პარტნიორი.

გარდა ამისა, პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ რუსეთთან, პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, სატრანზიტო საკითხებზეც ექნებათ მსჯელობა. "სამუშაო თემებია და ხელისუფლება მაქსიმალურად მომართულია. რაც მთავარია, აქ მხოლოდ ქვეყნის ინტერესები ჩაიდება და არ იქნება გუნდის ინტერესები. ამის პირობას და გარანტიას ვაძლევ მოსახლეობას, რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და გავაკეთებთ გამჭვირვალედ. ძალიან ხშირად მთავრობები არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, ასეთ სტრატეგიულ ობიექტებს მხოლოდ საკუთარი ჯიბის პრიორიტეტებად ხდიდნენ", -აცხადებს ივანიშვილი.

 

კომენტარები