თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტი 29 ხმით, 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 640 მილიონი ლარი იქნება. შარშანდელთან შედარებით, თბილისის ბიუჯეტი 39 მილიონი ლარით შემცირდა.
თბილისის 2013 წლის ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა - 154.7 მილიონი ლარი - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხარჯების ანაზღაურებას მოხმარდება. ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრებისთვის ბიუჯეტი 151 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს. დანარჩენი თანხები კი ასე ნაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და განვითარება - 97 მილიონ ლარზე მეტი; განათლება -48.67 მილიონი ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 44. 784 მილიონი ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესება - 28.5 მილიონი ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 17.955 მილიონი ლარი; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროექტების დაფინანსება - 16 მილიონი ლარი; ეკონომიკის განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა - 7.697 მილიონი ლარი.
თბილისის 2013 წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია დედაქალაქის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში მომუშავეთათვის ხელფასის 20%-იანი გაზრდა. ამ მიზნით ბიუჯეტში 72.8 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ბიუჯეტის დამტკიცებამდე საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წევრთა უმეტესობამ სხდომა დატოვა. განხილვის პროცესს დამოუკიდებელი დეპუტატები კახა კუკავა და მამუკა კაციტაძე დაესწრნენ, თუმცა მათ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის პროექტი მერის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა წარადგინა.




